ანაკლიის პორტს „თანამედროვე ოქროს საწმისი“ შევარქვით, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოსთვის - ამის შესახებ bm.ge-სთან ინტერვიუში “ტრანს ლოგისტიკას” დირექტორი ჯაბა თარიმანაშვილი აცხადებს.
მისი თქმით, ანაკლია არ არის მხოლოდ ფოთის პორტის ალტერნატივა. ის სრულიად ახალ შესაძლებლობებს აჩენს ქვეყნისთვის.
“იცით, რომ გვაქვს ორი ძირითადი პორტი, რომელიც მშრალ ტვირთს ატარებს – ეს არის ბათუმის პორტი და ფოთის პორტი. ეს პორტები ძალიან კარგად მუშაობენ, თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმს აკეთებენ, მაგრამ, როგორც იტყვიან, თავს ზევით ძალა არ არის. ფოთის პორტს შეუძლია დაახლოებით 8 მილიონი ტონის გატარება და თითქმის სრულად აქვს ათვისებული ეს მოცულობა. ბათუმის პორტს შეუძლია დაახლოებით 2 მილიონი ტონა მშრალი ტვირთის გატარება და ესეც სრულად არის ათვისებული, რაც რეალურად მათ უზღუდავს დამატებითი დიდი მოცულობების ტვირთის გატარების შესაძლებლობას.
აქ ჩნდება უკვე მოთხოვნა დამატებით ინფრასტრუქტურაზე და ჩვენ აქტიურად ვსაუბრობთ ანაკლიის პორტზე, რომელიც არის საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი და ფაქტობრივად, „თანამედროვე ოქროს საწმისიც“ შევარქვით ანაკლიის პორტს, რადგან ანაკლია არ არის, როგორც ბათუმის პორტი და ფოთის პორტი, ქალაქის ცენტრში. არ არის სივრცე ისეთი შეზღუდული, როგორც ამ არსებულ პორტებში. შესაბამისად, აქ გვაქვს ძალიან ფართო არეალი განვითარებისთვის და რომ მოვიზიდოთ არა მხოლოდ საკონტეინერო ტვირთები, არამედ ჩვენ აქ შეგვიძლია მოვიზიდოთ მშრალი ნაყარი ტვირთები, გენერალური ტვირთები, დავაგროვოთ „პანამაქსის“ ტიპის გემებისთვის 60 000 ტონამდე ტვირთები და ამით შევქმნით სრულიად ახალ სურათს საქართველოსთვის და სრულიად ახალ შესაძლებლობებს, რასაც საერთაშორისო პარტნიორები გამოიყენებენ”,-აცხადებს ჯაბა თარიმანაშვილი.
“ანაკლიის პორტის” პროექტზე ისაუბრა ეკონომიკის მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ტრანსპორტის და ლოგისტიკი სექტორის წარმომადგენლებთან და საქართველოს ბიზნესასოციაციის წევრებთან შეხვედრაზე. მართალია ჯერ მთავრობას პორტის ინვესტორი შერჩეული არ ჰყავს, თუმცა მინისტრმა ბიზნესთან პირობა დადო, რომ 2029 წლისთვის ქვეყნის მთავარი ნავსადგური პირველ გემს მიიღებს.




























