მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ანაკლიის პორტის ბიზნესმოდელს და ახალ მარკეტინგულ სტრატეგიას MTBS დაწერს – ხელშეკრულება გაფორმებულია

60a26e4d6d0cd
BM.GE
17.05.21 17:18
3899
ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტომ კონტრაქტი გააფორმა ავტორიტეტულ საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია MTBS-სთან (Maritime & Transport Business Solutions B.V.). ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, კონტრაქტის შესაბამისად, კომპანია უმოკლეს პერიოდში (8-9 კვირა) განაახლებს ანაკლიის პროექტისთვის ტვირთნაკადების პროგნოზსა და ბიზნეს მოდელს, ასევე, მოხდება ახალი მარკეტინგის სტრატეგიის შემუშავება და საჯარო-კერძო პარტნიორობის ოპტიმალური მოდელის შერჩევა.

ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის გურამ გურამიშვილის განცხადებით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა საქართველოს მთავრობის პრიორიტეტული პროექტია, რასაც აღნიშნული პროგრესიც ადასტურებს.

"ჩვენი პროგნოზით, მიმდინარე წლის ბოლო შევძლებთ, ინტერესთა გამოხატვის პროცედურის ჩატარებას უმნიშვნელოვანესი და სტრატეგიული პროექტისთვის ახალი ინვესტორის შერჩევის მიზნით.

ზემოხსენებული სამუშაოს შედეგების გათვალისწინებით, სააგენტო უზრუნველყოფს სატენდერო პაკეტის განახლებასა და ახალი ინვესტორის შერჩევის მიზნით საჯარო-კერძო პარტნიორობის შესახებ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების ინიცირებას. ახალი ინვესტორის შერჩევის მიზნით, ინტერესთა გამოხატვა გამოცხადდება მიმდინარე წლის ბოლოს",– აცხადებს მოადგილე.

სამინისტროს ინფორმაციით, კომპანია MTBS (ნიდერლანდების სამეფო) საზღვაო სექტორში მსოფლიოს წამყვანი კომპანიაა. სანავსადგურო სექტორში მისი საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია: პორტის განვითარების სტრატეგიებისა და გენერალური გეგმების შემუშავება, ფინანსური ანალიზი, დაფინანსების მოზიდვა, ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების მომზადება, ბაზრის ანალიზი, საკონსულტაციო მომსახურება ტენდერის პროცესში და ა.შ. კომპანიას სანავსადგურე სექტორში მსოფლიოს მასშტაბით აქვს ასობით დასრულებული და მიმდინარე წარმატებული პროექტი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები