მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ანაკლიის პორტის დაღრმავების და სამშენებლო კონტრაქტორად ბელგიური Jan De Nul-ი გამოვლინდა

ტენდერი

ეკონომიკის სამინისტრომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის საზღვაო ინფრასტრუქტურის პროექტირება/მშენებლობის ტენდერში გამარჯვებულად ბელგიური კომპანია Jan De Nul გამოავლინა - აღნიშნული ტენდერი პროექტის ინვესტორის შესარჩევი ტენდერის პარალელურად მიმდინარეობდა და ის უშუალოდ საინჟინრო სამუშაოების დაპროექტებას და მშენებლობას შეეხება.

Jan De Nul-ი ვალდებული იქნება ნავსადგურის აკვატორიის დაღრმავებასა და ტალღდამცავის მშენებლობაზე.

"სატენდერო კომისიამ არჩევანი საუკეთესოთა შორის საუკეთესოზე შეაჩერა. ოთხი კომპანიიდან ტენდერში სამმა მიიღო მონაწილეობა. ყველა მათგანი ევროპულია და აქვთ საუკეთესო საერთაშორისო რეპუტაცია აღნიშნულ საქმიანობაში. ტენდერში მოწვეული კომპანიები ფლობენ მსოფლიო ფსკერდაღრმავების ფლოტის 80 პროცენტს. ბელგიური კომპანია „იან დე ნული“ 1938 წელს დაფუძნდა და მისი ბრუნვა 2,5 მლრდ ევროა, დასაქმებული ჰყავს 7000-ზე მეტი ადამიანი. კომპანია აქტიურად იყო ჩართული პანამის არხის გაფართოების პროექტში, გარდა ამისა, განახორციელა ან ახორციელებს პროექტებს მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონებში, მათ შორის, ევროპაში, გალფის ყურეში, აფრიკასა და სხვა,"- ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

რაც შეეხება პროექტის ინვესტორს, 2024 წლის მაისში პროექტის ინვესტორის შესარჩევ საერთაშორისო კონკურსში უპირატეს პრეტენდენტად ჩინური კორპორაცია CCCC გამოვლინდა. პორტის საინჟინრო კონტრაქტორი პროექტს სწორედ CCCC-ის დაფინანსებით განახორციელებს.

China Communication Construction Company Limited არის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ერთ-ერთი მსხვილი კონგლომერატი, რომელიც ფოკუსირდება მსხვილი ინფრასტრუქტურული აქტივების მშენებლობაზე, ფლობასა და ოპერირებაზე, მათ შორის აეროპორტების, პორტების, რკინიგზების, ნავთობპლატფორმების და სხვა აქტივების ფლობა/ოპერირებაზე.

ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურში პირველი გემების მიღება 2029 წელს იგეგმება, რაც გაზრდის ტვირთნაკადს საქართველოს სატრანსპორტო და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის გავლით. ნავსადგურის პირველი ფაზის გამტარუნარიანობა წელიწადში 600 ათასი კონტეინერი იქნება ხოლო საორიენტაციო ღირებულება – 600 მლნ აშშ დოლარია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები