ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის პროექტის ფარგლებში, ამ ეტაპზე 1.7 მილიონ კვადრატულ მეტრზე მეტი რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის გამოსყიდვის პროცესი მიმდინარეობს - ამის შესახებ ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტში BMG-ის კითხვაზე პასუხისას განაცხადეს.
დეპარტამენტის ინფორმაციით, უშუალოდ გზის მშენებლობისთვის საჭირო ტენდერის გამოცხადება 2027 წელს იგეგმება, ხოლო პროექტის დაფინანსებაზე შესაბამისი სასესხო ხელშეკრულება ამ დროისთვის გაფორმებული არ არის.
„დღეის მდგომარეობით მიმდინარეობს ანაკლიის საზღვაო ნავსადგურთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზის, რკინიგზისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროექტის ფარგლებში მომზადებული მიწის შესყიდვისა და განსახლების გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებები“, - ნათქვამია უწყების პასუხში.
დეპარტამენტის განმარტებით, მიწის შესყიდვის ფარგლებში გათვალისწინებულია რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების გამოსყიდვა, რომელთა საერთო ფართობი 1 720 553 კვადრატულ მეტრს შეადგენს.
ამასთან, პროექტის ფარგლებში იგეგმება 35 კვ ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის დაცვის ზონისთვის გათვალისწინებული მიწის ნაკვეთების სერვიტუტით დატვირთვა, რომლის ჯამური ფართობი 74 824 კვადრატული მეტრია.
უწყების ინფორმაციით, მიწის შესყიდვისა და განსახლების გეგმა ასევე მოიცავს დაურეგისტრირებელ მიწის ნაკვეთებზე არსებული აქტივების — შენობა-ნაგებობების, ხე-მცენარეებისა და ერთწლიანი კულტურების — საკომპენსაციო ღონისძიებებს.
„პროექტის ფარგლებში პირველი ექვსი თვის განმავლობაში დახარჯულია 19 მილიონ ლარზე მეტი. მიწის შესყიდვის და განსახლების გეგმით გათვალისწინებული განსახლების ბიუჯეტი შეადგენს 40 142 131 ლარს“, - აღნიშნულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის პასუხში
„სასესხო ხელშეკრულება ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან მისასვლელი 18-კილომეტრიანი გზის მშენებლობასთან დაკავშირებით არ არის გაფორმებული. მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები, მათ შორის განვითარების პარტნიორის განსაზღვრის მიმართულებით“, - აცხადებენ დეპარტამენტში.
2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის მიხედვით, ანაკლიის პორტამდე მისასვლელი გზის პროექტის პროგნოზირებული ღირებულება 327 მილიონ ლარს შეადგენს, რაც მოიცავს როგორც მიწების გამოსყიდვის, ასევე სამშენებლო სამუშაოების ხარჯებს.
2026 წელს ამ მიმართულებით 45 მილიონი ლარის დახარჯვაა გათვალისწინებული, საიდანაც 19 მილიონი ლარი უკვე ათვისებულია.
როგორც მიმდინარე თვის დასაწყისში გახდა ცნობილი, ანაკლიის პორტის პროექტისთვის საქართველოს მთავრობა ახალი მოდელის ფარგლებში საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან დაფინანსების მოზიდვაზე მუშაობს.
პორტის ახალი კონცეფციის მიხედვით, მისი 100%-იანი წილი სახელმწიფო საკუთრებაში იქნება, ხოლო სახელმწიფო თავად განახორციელებს საპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებას და შემდგომ უცხოურ კომპანიებს მისცემს შესაძლებლობას, გრძელვადიანი იჯარის საფუძველზე მოაწყონ ტერმინალები და განახორციელონ ოპერირება.
ეკონომიკის სამინისტროს შეფასებით, პროექტის ამ ფორმით განხორციელება წინა მოდელთან შედარებით დაახლოებით 200 მილიონი დოლარით მეტ დაფინანსებას მოითხოვს.
ამჟამად უშუალოდ ანაკლიის პორტის ტერიტორიაზე უკვე მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული სამუშაოები — წყლის ფსკერის გაღრმავება, ნაპირის მოწყობა და დამცავი ტალღმტეხელის მშენებლობა. სამუშაოებს ბელგიური კომპანია Jan De Nul ასრულებს, რომლის კონტრაქტის ღირებულება დაახლოებით 150 მილიონ დოლარს შეადგენს.
საქართველოს მთავრობა პორტის დაფინანსებაზე მოლაპარაკებებს აზიის განვითარების ბანკთან (ADB) აწარმოებს. BMG-ის კითხვაზე, თუ რა ეტაპზეა პროცესი, ADB-ში განაცხადეს, რომ ახალი კონცეფციის ფარგლებში მოლაპარაკებები ჯერ ადრეულ ეტაპზეა.
ანაკლიის პორტთან დამაკავშირებელი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა მოიცავს როგორც საავტომობილო გზას, ასევე რკინიგზას.
დოკუმენტაციის მიხედვით, პროექტზე გარემოსდაცვითი ნებართვა 2020 წლის 15 აპრილს გაიცა და ის ითვალისწინებს 17.5 კილომეტრის სიგრძის სარკინიგზო ხაზისა და დაახლოებით 19.5 კილომეტრის საავტომობილო გზის მშენებლობას.
საგზაო და სარკინიგზო მონაკვეთი იწყება ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხამისკურთან, გაივლის სოფელ ორულს, დიდ ნეძს, დიხაგუძუბასა და სოფელ ერგეთას, საიდანაც ანაკლიის მიმართულებით გაგრძელდება.
პროექტის მიხედვით, დაგეგმილია 5 ესტაკადის, 11 გადასასვლელისა და 35 წყალგამტარი არხის მოწყობა.





























