ჩვენი მიზანია, 2031 წლის ჩათვლით ყველა ავტობანის მშენებლობა სრულად დასრულდეს, ამის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია თბილისის შემოვლითი გზა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
ირაკლი კობახიძის თქმით, გეგმის თანახმად, უწყვეტი, 4-ზოლიანი ავტობანი იქნება უზრუნველყოფილი 2030 წლისთვის სარფიდან წითელ ხიდამდე და სადახლომდე.
„ჩვენ გვაქვს მკაფიო მიზანი, ჩვენი მიზანია, 2031 წლის ჩათვლით ყველა ავტობანის მშენებლობა სრულად დასრულდეს. ამის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია თბილისის შემოვლითი გზა, რაც არის საზღვრებს შორის კავშირის გამარტივებისთვის მნიშვნელოვანი. უწყვეტი, 4-ზოლიანი ავტობანი იქნება უზრუნველყოფილი 2030 წლისთვის ჩვენი გეგმის თანახმად სარფიდან წითელ ხიდამდე და სადახლომდე. მათ შორის, თბილისსაც აუვლის გვერდს ეს ავტობანი და თბილისის განტვირთვისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია. შესაბამისად, ეს ინვესტიცია აუცილებლად განხორციელდება“, - განაცხადა პრემიერმა.
დღეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა წიწამური–ავჭალის 7.3-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობაზე საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან, China Railway Tunnel Group Co., Ltd-თან 499 მილიონი ლარის ღირებულების ხელშეკრულება გააფორმა.
ამასთან, ინფრასტრუქტურის მინისტრის, რევაზ სოხაძის თქმით, უახლოეს პერიოდში გამოვლინდება გამარჯვებული შემოვლითი გზის ავჭალა-აეროპორტის 22.5-კილომეტრიან მონაკვეთზეც.
























