მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ანაკლიის პორტის პროექტზე გაცხადებული მოდელი სწორია, ბევრი წარმატებული პორტი ასეა - დავით წიკლაური

დავით წიკლაური

"ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარების ახალი მოდელი სწორია და საერთაშორისო პრაქტიკაში, მათ შორის როტერდამისა და აბუ-დაბის პორტების მაგალითზე, წარმატებით მუშაობს - ამის შესახებ „საქმიანი დილის“ ეთერში PMCG-ის მრჩეველმა დავით წიკლაურმა განაცხადა.

მისივე თქმით, პროექტში ბევრი ინტერესი იკვეთება, თუმცა არის რისკებიც, რასაც იმედია, სახელმწიფო სწორად შეაფასებს.

"ფაქტია ის, რომ ანაკლიის პორტი თავიდანვე პოლიტიკური პროექტი იყო და ახლა კიდევ უფრო პოლიტიკური გახდა. პოლიტიკურში ვგულისხმობ იმას, რომ მასში ბევრი ინტერესი იკვეთება, თუმცა ამავდროულად, დიდი რესურსის ჩადება არავის სურს, რადგან ზოგს ეშინია იქნება თუ არა ტვირთი, ზოგს კი შიშს სამეზობლო უჩენს. ანუ ფაქტია, რომ პროექტი პოლიტიკურია, რაც რისკებს ზრდის ყველა პოტენციური ინვესტორისთვის.

ფაქტია ისიც, რომ ჩინური ინვესტიცია ამერიკელებს აშინებდა. მეორე მხრივ თუ მოვლენებს გადავავლებთ თვალს ბოლო რამდენიმე თვეში პორტში რამდენიმე მსხვილი დელეგაცია ჩავიდა. ბოლოს იყო საკმაოდ მაღალი დონის უზბეკური ჯგუფი, ასევე თურქმენული, მანამდე კი ამერიკული. ეს გარკვეულ ნიშნებს იძლევა, რომ ინტერესი ყველას აქვს.

იმის გამო, რომ დასავლეთ-აღმოსავლეთის საავტომობილო გზა უკვე დასასრულ სტადიაზე მიდის, ქვეყანას სჭირდება მსხვილი პროექტები, რომლებშიც კაპიტალდაბანდებას განახორციელებს, რათა იქ დასაქმებული ხალხი და ტექნიკა კვლავ გამოადგეს. ანუ, იმის თქმა მინდა, რომ რეალურად ქვეყანას ახლა უფრო სჭირდება მსხვილი პროექტები, რომლებშიც რესურსი ჩაიდება, ვიდრე მანამდე. ეს კიდევ ერთი არგუმენტია იმისა, რომ სახელმწიფო ალბათ ახლა უფრო სწრაფად შეძლებს ამ ვერსიით წინ წასვლას. ამიტომ ვფიქრობ, ეს მოდელი სწორია", - განაცხადა მან.

წიკლაური ასევე ფიქრობს, რომ სახელმწიფოს პროექტის დასაფინანსებლად საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებიდან თანხის მოზიდვა არ გაუჭირდება.

"დარწმუნებული ვარ, რომ ამ რესურსს ქვეყანა სხვაგან მოიძიებს. იქნება ეს საერთაშორისო საფინანსო სისტემები თუ კონკრეტული ქვეყნები, რომლებიც ამაში გარკვეულ ინტერესს ჩადებენ. 200 მილიონი, რაც მინისტრმა ახსენა, შეიძლება არ არის ძალიან დიდი რესურსი, რისი მობილიზებაც ქვეყანას დღეს გაუჭირდება. მით უმეტეს იცით, რომ ნახევარმილიარდიან პროექტზეა საუბარი მსოფლიო ბანკთან და ADB-სთანაც. ჯამში, ქვეყანას აქვს იმის საშუალება და ფუფუნება რომ ამხელა რისკი თავის თავზე აიღოს, რადგან ამ პროექტში დიდი მომავალია", - განაცხადა მან.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი კიდევ ერთხელ შეიცვალა. მთავრობამ ახალი გადაწყვეტილება მიიღო, რომლის მიხედვითაც პორტი სრულად სახელმწიფო საკუთრებაში დარჩება და ე.წ. ლენდლორდის მოდელით განვითარდება. ეს უკვე მესამე მოდელია, რომელიც პროექტის დაწყებიდან 12 წლის განმავლობაში შეირჩა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები