ანაკლიის პორტის პროექტის მიმდინარე სამუშაოების ზედამხედველობის კომპონენტი გაძლიერდა და ამ ნაწილში სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიურო ჩაერთო. ამის შესახებ მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, გურამ დუმბაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, გადაფასდა სამუშაოს მოცულობები და შესყიდვის ღირებულება 52.5 მლნ დოლარით შემცირდა.
„აქტიურად მიმდინარეობს ანაკლიის პორტის დაღრმავების სამუშაოები, გადაფასდა სამუშაოს მოცულობები და ღირებულებები და, საერთო ჯამში, შესყიდვის ღირებულება შემცირდა 52.5 მლნ დოლარით.
გაძლიერდა ზედამხედველობის კომპონენტი და აღნიშნულ ნაწილში ჩაერთო სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიურო. შესაბამისად, სახელმწიფო მნიშვნელოვან ყურადღებას უთმობს ასეთი ტიპის სტრატეგიულ პროექტებს, მათ ეფექტიან მართვასა და განხორციელებას,“ - აღნიშნა გურამ დუმბაძემ.
ცნობისთვის, როგორც ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტთან დაკავშირებით ხელშეკრულება გადაიხედა და შედეგად, ხარჯები 25%-ით შემცირდა. მისი თქმით, საუბარია ნავსადგურის დაღრმავებასთან და ტალღმტეხის მოწყობასთან დაკავშირებულ ხელშეკრულებებზე.
"სხვა ხელშეკრულებებთან ერთად, ჩვენ ასევე გადავხედეთ ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის დაღრმავებასთან და ტალღმტეხის მოწყობასთან დაკავშირებულ ხელშეკრულებას, რომლის პირვანდელი ღირებულება იყო 203.9 მლნ დოლარი; ასევე გადავხედეთ ხელშეკრულებას ზედამხედველ კომპანიასთანაც. შედეგად, პროექტის ღირებულება 25%-ზე მეტით შემცირდა, 52.5 მლნ დოლარით. შედეგად, უახლოეს დღეებში აქტიურად განახლდება სამშენებლო პროცესი ანაკლიაში, ბევრად უფრო შემცირებული ხარჯებით. საქართველოს ხელისუფლება იღებს პასუხისმგებლობას, რომ ყველა ინფრასტრუქტურული პროექტი მინიმალური საბიუჯეტო დანახარჯებით განხორციელდება. მინდა, მადლობა გადავუხადო ეკონომიკის მინისტრს და მის გუნდს, რომელმაც ამ შემთხვევაში სახელმწიფო ბიუჯეტს 52.5 მლნ დოლარი დაუზოგა", - ამბობს კობახიძე.
შეგახსენებთ, 2024 წლის აგვისტოში გაფორმებული კონტრაქტის შესაბამისად, ზღვის ფსკერის დაღრმავების და ტალღმჭრელის მოწყობაზე ბელგიური კომპანია Jan De Nul მუშაობს. აღსანიშნავია, რომ Jan De Nul-თან ხელშეკრულების ღირებულების შემცირების მოლოდინი არსებობდა, რის ფონზეც 2026 წლის ბიუჯეტის საბოლოო პროექტით, ანაკლიის პორტის სამუშაოების დაფინანსება 100 მილიონი ლარით, 50 მილიონ ლარამდე შემცირდა. "ანაკლიის ნაწილში გადარიცხული იყო წინა [2024] წლის ჩათვლით 70 მილიონი ლარი, [2025] წელს 150 მილიონი ლარი და მომდევნო [2026] წელს 50 მილიონი ლარი სრულად გვაძლევს 2026 წლის ბოლომდე დაფინანსებას. ჩვენ უკვე გავიარეთ სამინისტროსთან და მშენებელ კომპანიასთან და ის თანხები გამოვყავით 2026 წლისთვის. ეკონომიკის სამინისტროს ჰქონდა კონტრაქტორთან (Jan De Nul) მოლაპარაკება და უფრო ნაკლები დაჯდება, ეს ინფრასტრუქტურა, ვიდრე თავდაპირველად იყო გათვალისწინებული", - აცხადებდა ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე გასული წლის ბოლოს.
2025 წელს შეიცვალა პორტის საპროექტო დოკუმენტაცია, კერძოდ - შეიცვალა პორტის ტალღმტეხი ნაგებობის სიგრძე და ის 1500 მეტრის ნაცვლად 1370 მეტრი იქნება. ასევე შეიცვალა და მცირედით ჩრდილოეთი წაინაცვლებს პორტის მოსაბრუნებელი ადგილის რადიუსი და ის 300 მეტრის სიგრძის ნაცვლად 271 მეტრი იქნება. მისასვლელი არხის, მოსაბრუნებელი ადგილის და ტალღმტეხის ფართობი პირვანდელი პროექტით 123.5 ჰექტარი უნდა ყოფილიყო და ის 113.1 ჰექტარამდე შემცირდა.
ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტის პირველი ფაზის განხორციელების შემდეგ, წინასწარი გათვლებით, პორტმა წელიწადში დაახლოებით 600 ათასი TEU (7.8 მილიონი ტონა) გამტარიანობას უნდა მიაღწიოს. ასევე ანაკლიაში ახალი ნავსადგურის ფსკერი არანაკლებს 16 მეტრამდე უნდა დაღრმავდეს.
აღსანიშნავია, რომ ანაკლიის პორტის კერძო ინვესტორი ამ დრომდე შერჩეული არაა. 2024 წლის მაისში ეკონომიკის სამინისტროს მიერ ჩატარებულ საერთაშორისო კონკურსში უპირატეს მონაწილედ ჩინური სახელმწიფო კონსორციუმის CCCC დასახელდა. მაშინდელმა ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ ამ კომპანიასთან საინვესტიციო შეთანხმება საკითხების დაზუსტების შემდეგ "უახლოეს დღეებში" გაფორმდებოდა, თუმცა ამ დრომდე CCCC-თან საინვესტიციო შეთანხმება გაფორმებული არაა. შეთანხმების გაფორმების შემთხვევაში სახელმწიფო ამ კომპანიას "ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის" კომპანიის 49%-ის წილს გადასცემს, CCCC-ის ვალდებულება კი პორტში ასობით მილიონი დოლარის ჩადება და მისი ოპერირება იქნება. პროექტის პირველი ფაზის ღირებულება $600 მილიონამდეა. თუმცა როგორც ცნობილია CCCC-ის აქვს კითხვები პროექტის კომერციულ რისკებზე, მთავრობა კი აცხადებს, რომ ინვესტორთან გააფორმებს მხოლოდ ისეთ შეთანხმებას, რომელიც სესხის და ტვირთების გარანტიას არ ითვალისწინებს. "6 ძირითადი საკითხია, რაც დასაზუსტებელია" - განაცხადა 2025 წლის სექტემბერში ირაკლი კობახიძემ, როცა BMG-მ CCCC-თან მოლაპარაკებების პროცესი მოიკითხა.
როგორც 2026 წლის იანვრის ბოლოს, ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ თამარ იოსელიანმა განაცხადა, მთავრობა იმედოვნებს, რომ უახლეს მომავალში ანაკლიის პორტის კერძო ინვესტორის შერჩევის პროცესში მეტი სიცხადე იქნება. "ვაგრძელებთ მუშაობას კერძო ინვესტორის შერჩევის მიზნით და ვფიქრობთ, ძალიან მალე ამ კუთხითაც უფრო მეტი სიცხადე გვექნება", - აცხადებს თამარ იოსელიანი. პროექტზე კონკრეტული კერძო ინვესტორის არარსებობის მიუხედავად, მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი პირველ გემს 2029 წელს მიიღებს.




























