ანაკლიის პორტის პროექტში კერძო პარტნიორის შერჩევის პროცესის განზრახულობის განაცხადში კიდევ ერთი, უკვე მეორე ცვლილება შევიდა. კვალიფიციური კანდიდატების შეტყობინების საბოლოო ვადა 28 ივლისის ნაცვლად, 20 სექტემბრამდე გადავადდა.
ამასთან, 5.1 პუნქტის (შეფასების პროცედურა) მე-4 აბზაცი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: „სამინისტრო/სააგენტო დამატებით აცნობებს კვალიფიციურ კანდიდატებს წინადადებების წარმოდგენის შესახებ მოთხოვნის წარდგენის ვადების შესახებ.“
დაინტერესებული ინვესტორებისგან კვალიფიკაციის შესახებ განაცხადის წარდგენის საბოლოო ვადა 19 ივნისს ამოიწურა, თუმცა ვინ წარადგინეს, განაცხადები ამ დრომდე უცნობია. 26 ივნისს ეკონომიკის მინისტრმა თქვა, რომ განაცხადი რამდენიმე საერთაშორისო კომპანიამ წარადგინა.
„არის ინდივიდუალური კომპანიები, კომპანიათა გაერთიანებები და კონსორციუმები. კომპანიების მიმართ შესაბამისობის გარკვეული კრიტერიუმები იყო მოთხოვნილი, მათ შორის ფინანსური მდგრადობისა და კვალიფიკაციის შესახებ ინფორმაცია, ამიტომ ახლა ამ ინფორმაციის შესწავლა და დამუშავება მიმდინარეობს. უახლოეს პერიოდში მონაწილე კომპანიების, გამოცდილების და სხვა კომპანიებიდან გამოთხოვილ ინფორმაციას საზოგადოებას მივაწვდით“, - განაცხადა მაშინ ლევან დავითაშვილმა.
მთავრობას გაცხადებული აქვს, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს კერძო ინვესტორთან პარტნიორობით ააშენებს, თუმცა ინვესტორი მხოლოდ 49%-იან წილს უნდა დასჯერდეს. 51% კი სახელმწიფოს ხელში დარჩება. პრემიერმა რამდენჯერმე დააანონსა, რომ მთავრობა პორტის მშენებლობას შემოდგომაზე დაიწყებს.
ამის პარალელურად, გრძელდება ორი საარბიტრაჟო დავა პროექტის წინა ინვესტორთან, “ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან”, რომელიც მიუთითებს, რომ მთავრობის დესტრუქციული ქმედებების გამო, მათ პროექტის განვითარების შესაძლებლობა წაერთვათ.