ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის აკვატორიის ფსკერის დაღრმავებითი და ტალღისმჭრელის პროექტირება/მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები (მობილიზაცია) აქტიურ ფაზაშია - ამის შესახებ სახელმწიფო კომპანია ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.
ცნობისთვის, 2023 წელს სახელმწიფომ კომპანია შპს „ანაკლიის საზღვაო ნავსადგური“ დააფუძნა. საწყის ეტაპზე კომპანია უზრუნველყოფს საზღვაო ინფრასტრუქტურის (ფსკერდაღრმავების სამუშაოები; ტალღმტეხელის პროექტირება/მშენებლობა) პროექტირება/მშენებლობას.
მათი ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის ღრმაწყლოვანი პორტის მოწყობისთვის მიმდინარეობს:
• კონკრეტული კვლევითი სამუშაოები, მათ შორის გეოლოგიურ-გეოტექნიკური კვლევები;
• ტერიტორიაზე ტალღმტეხელისთვის საჭირო ზღვაში ჩასაწყობი ქვის ლოდების შეტანა;
• გრუნტის ზედაპირის მოსწორება და სამიმოსვლო გზის მოწყობა;
• კომუნიკაციების შეყვანა (წყალი, ელექტროენერგია და სხვა);
• სამშენებლო ბანაკის მოწყობის სამუშაოები;
• მოეწყო ე.წ. "X-block”-ის წარმოების პოლიგონი;
• დასრულებულია დროებითი სამუშაო სივრცეების (მ/შ საოფისე ფართების) მოწყობის სამუშაოები, სადაც აქტიურად იმუშავებენ კონტრაქტორი და საზედამხედველო კომპანიების თანამშრომლები/ინჟინრები. ასევე გათვალისწინებულია სამუშაო სივრცეები შპს "ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის“ თანამშრომლებისთვის.
აღნსანიშნია, რომ ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის ინფორმაციით, ანაკლიის პორტამდე მისასვლელი გზის მშენებლობა 2025 წლის ნაცვლად 2026 წელს დაიწყება. ამის შესახებ მან 13 დეკემბერს პარლამენტში საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტზე დეპუტატის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.



2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით მომდევნო წელს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობაზე 150 მილიონი ლარის დახარჯვა იგეგმება. ბიუჯეტის კაპიტალური პროექტების დოკუმენტის თანახმად, აღნიშნული თანხა საზღვაო ინფრასტრუქტურის მშენებლობაზე დაიხარჯება, რისთვისაც წელს მთავრობამ ბელგიური კომპანია Jan De Nul-ი დაიქირავა.
პროექტის თანახმად, 150 მილიონი ლარი პორტის ტალღმჭრელის მშენებლობასა და ფსკერის დაღრმავებითი სამუშაოების წარმოებაზე დაიხარჯება, რასაც Jan De Nul-ი შეასრულებს.
2024 წელს ანაკლიის პორტის სამშენებლო სამუშაოებისთვის 50 მილიონი ლარი, 2026 წელს კი 180 მილიონი ლარი არის გათვალისწინებული.
რა ეტაპზეა პორტის ინვესტორის შერჩევის პროცესი:
საქართველოს მთავრობამ ჩინური სახელმწიფო კორპორაცია CCCC ანაკლიის ინვესტორის შესარჩევ კონკურსში უპირატეს მონაწილედ 29 მაისს გამოაცხადა. მაშინ ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ CCCC ოფიციალურად გამარჯვებულად, სავარაუდოდ, რამდენიმე დღის ვადაში დასახელდებოდა, თუმცა დღემდე CCCC გამარჯვებულად გამოვლენილი არაა და ის და საქართველოს მთავრობა კვლავ მოლაპარაკებებს მართავენ.
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის კერძო ინვესტორის შერჩევის კონკურსი 2024 წლის მაისში დასრულდა. კონკურსის ფინალურ ეტაპზე ორი კომპანია იყო გადასული, ესენია ჩინური CCCC და შვეიცარიული (TIL) Terminal Investment Limited Holding S.A, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი საზღვაო ჯგუფის MSC-ის შემადგენელი კომპანიაა. აღნიშნულ ტენდერში TIL-მა საბოლოო წინადადება არ წარადგინა, შესაბამისად ერთადერთი, რომელმაც სახელმწიფოს პროექტში ინვესტირება შესთავაზა, ჩინური სახელმწიფო კორპორაცია CCCC იყო.
პროექტის მიხედვით, CCCC ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ერთობლივი კომპანიის 49%-იანი წილის მფლობელი იქნება, ხოლო საქართველოს მთავრობა პროექტის მაჟორიტარი 51%-იანი აქციონერი იქნება.
პროექტის თანახმად, ანაკლიის პორტში პირველი საკონტეინერო გემები 2029 წელს უნდა შევიდნენ, პირველი ფაზის საინვესტიციო ღირებულება 600 მილიონი დოლარია და ის წლიურად 600,000 კონტეინერის გამტარიანობის ტერმინალის მშენებლობას ითვალისწინებს.




























