ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ინვესტორის გამოვლენის საერთაშორისო კონკურსში, რომლის ფინალურ ეტაპზე ორი კომპანია მონაწილეობდა, საბოლოოდ საკუთარი წინადადება მხოლოდ ერთმა ჩინურ - სინგაპურულმა ჰოლდინგმა წარადგინა.
როგორც საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, პაატა კვიჟინაძემ მედიასთან განაცხადა, ანაკლიის პორტის კონკურსში ამერიკული და ევროპული კომპანიები არ შემოსულან, რაც სწორი გადაწყვეტილებაა.
მისი თქმით, ანაკლიის პორტს არ აქვს არანაირი აზრი ჩინური ტვირთის გარეშე.
"ანაკლიის პორტის კონკურსში, სამწუხაროდ ამერიკული და ევროპული კომპანიები არ შემოვიდნენ, არც არასოდეს ყოფილან და სწორადაც შვრებოდნენ. იმიტომ, რომ ანაკლიის პორტს არ აქვს არანაირი აზრი ჩინური ტვირთის გარეშე. რაც არის ფოთი და ბათუმი, თუ იმას რეკონსტრუქცია გაუკეთდება, გავაძლიერებთ და ეს სრულიად საკმარისია იმ ტვირთისთვის. მაგრამ თუ ჩვენ 100 მლნ-იანი პორტი გვინდა, რაზედაც ვსაუბრობთ და რისი სურვილიც გვაქვს, მაშინ აქ ჩინური ტვირთი უნდა წამოვიდეს, იმიტომ, რომ ჩინეთი ევროპასთან 800 მლრდ-ს ვაჭრობს, აქედან 5%-ც კი რომ წამოვიდეს, უფრო ნაკლები, მეტს ჩვენ ვერც გავატარებთ.
იცით, რომ ეს მხოლოდ ჩვენი თემა არ არის. ჩინეთიდან წამოსულმა ტვირთმა უნდა გაიაროს ყაზახეთი, პორტი აქთაუ, შემდეგ აზერბაიჯანში შემოდის და შეიძლება სხვა რესპუბლიკებიდანაც წამოვიდეს. ამიტომ, მან ბევრი ქვეყანა უნდა გამოიაროს. შესაბამისად, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ჩინეთი, იმ კუთხით, რომ ისინი პრაქტიკულად შუა აზიის ყველაზე დიდი ინვესტორები არიან და ამ რეგიონში ყველაზე დიდი გავლენის მქონეები. ეს არის სტაბილურობა და ეს არის გარანტირებული ტვირთი",-აცხადებს კვიჟინაძე.