საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პაატა კვიჟინაძის განცხადებით, ანაკლიის პორტის პროექტი დღემდე კომერციულად მიმზიდველი არ იყო და ამიტომ საერთაშორისო ორგანიზაციები პროექტში შემოსვლაზე თავს არ იკლავდნენ. პროექტის შესახებ მან "იმედის" ეთერში ისაუბრა.
პაატა კვიჟინაძე ამბობს, რომ პროექტის მიმზიდველობის გაზრდისთვის მთავრობამ პროექტის 51%-იანი წილის დაფინანსება გადაწყვიტა და ის 20 მლნ ლარი, რომელიც 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ჩაიდო მოსამზადებელი მშენებლობის სამუშაოებისთვის მიიმართება.
„ანაკლია ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა კომერციულად დღემდე მაინცდამაინც მიმზიდველი არ იყო, ამიტომ საერთაშორისო ორგანიზაციები მაინცდამაინც თავს არ იკლავდნენ მანდ შემოსვლაზე. ამის გამო სახელმწიფომ გადაწყვიტა 51% დაეფინანსებინა, რათა უფრო მიმზიდველი ყოფილიყო უცხო კომპანიებისთვის შემოსვლა. ამას ერთი კარგი რამ დაემატა - რუსეთ-უკრაინის ომის შედეგად რუსეთი ბლოკირებულია, ეს არ ვიცით რამდენი ხნით გაგრძელდება, ამიტომ ჩვენი დერეფანი ძალიან დიდ მნიშვნელობას იძენს. ამან გამოიწვია ბევრი უცხოელი კომპანიის დაინტერესება, რომლებიც მზად არიან პროექტში მონაწილეობის მისაღებად.
ამ ეტაპზე პროექტი საბოლოო სახით არ არის და გამარჯვებულებიც არ გამოვლენილან ვინც სახელმწიფოსთან ერთად ჩაერთვება, მაგრამ იქ არის სამუშაოებია გასაკეთებელი, რომელიც ცხადია ყოველგვარი პროექტის გარეშე უნდა გაკეთდეს, ამიტომ 20 მილიონი ლარი გამოიყო იმაზე რომ ამ სამ თვეში ეს საკითხები მოგვარდეს და დაიწყოს მუშაობა, რომ მერე დრო არ დაიკარგოს როდესაც კომპანიები გამოვლინდება და პორტის მშენებლობა დაიწყება“, - განაცხადა კვიჟინაძემ.