„ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, პირველ რიგში მთავრობის დამსახურებაა და აქ საკამათო არაფერია. რამდენიც არ უნდა ილაპარაკონ ეს იმის ბრალია, ამის ბრალია ხალხის დამსახურებაა, რა თქმა უნდა ხალხის დამსახურება არის, მაგრამ ხალხის დამსახურება ორი წლის წინ , ათი წლის 15 წლის წინ არ იყო?“- ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე პაატა კვიჟინაძემ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც „მინისტრის საათის“ ფორმატში ფინანსთა მინისტრს მოუსმინეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
მათი ცნობით, კომიტეტის თავმჯდომარემ ფინანსთა სამინისტროს მუშაობა დადებითად შეაფასა და ძირითადად იმ საკითხებზე გაამახვილა ყურადღება, რაც სამინისტროს დღის წესრიგშია. პაატა კვიჟინაძემ მთავრობის კარგი მუშაობის დასტურად PEFA-ს მეთოდოლოგია მოიყვანა, სადაც საქართველოს 59 ქვეყანას შორის უმაღლესი შედეგი აქვს.
პაატა კვიჟინაძემ გასულ წლებზეც და იმ პრობლემებზეც ისაუბრა რაც პანდემიის და გეოპოლიტიკური შოკის გამო საქართველოს შეექმნა, თუმცა მისი თქმით, განხორციელებულმა სწორმა და თანმიმდევრულმა ფისკალურმა პოლიტიკამ დადებითი და პოზიტიური შედეგები მოიტანა ყველა სექტორში.
„ 2020 წელს ეკონომიკა 6,8%-ით შემცირდა, დეფიციტმა 9% შეადგინა (კანონმდებლობით განსაზღვრული ზღვარი 3%-ია), ხოლო ვალის მშპ-სთან თანაფარდობის მაჩვენებელმა კანონით განსაზღვრულ 60%-იან ზღვარს გადააჭარბა. 2023 წელს კი მოდიფიცირებულმა ბიუჯეტის დეფიციტმა 2.5% , ხოლო მთავრობის ვალმა 39.3% შეადგინა“.- განაცხადა პაატა კვიჟინაძემ საპარლამენტო ტრიბუნიდან და აღნიშნა, რომ ქვეყნის კიდევ უფრო განვითარებისთვის აუცილებელია რეფორმების გაგრძელება, როგორც ფისკალური ისე მაკროეკონომიკური კუთხით, რაც თავისთავად ეკონომიკურ ზრდას ხელს შეუწყობს.