მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ანაკლიის პროექტში მონაწილე კომპანიის წინააღმდეგ დეზინფორმაციას ტაივანი და აშშ-ის დაფინანსებული ე.წ. ანალიტიკური ცენტრები ავრცელებენ - ელჩი

ჩინეთის ელჩი

ჩინეთის ელჩის ჭოუ ციენის განცხადებით, ანაკლიის პროექტში მონაწილე კომპანია China Communications Construction Company Limited-ის წინააღმდეგ დეზინფორმაციას ტაივანი და აშშ-ის მიერ დაფინანსებული ე.წ. ანალიტიკური ცენტრები ავრცელებენ. როგორც ელჩმა ქართულ მედიასთან საუბრისას აღნიშნა, CCCC ერთ-ერთი უძლიერესი კომპანიაა მსოფლიოში და ის Fortune 500-ის სიაში შემავალ კომპანიებს შორის ერთ-ერთია.

"თუ შეხედავთ დეზინფორმაციას ჩინური კომპანიის შესახებ, რომელსაც ავრცელებენ ტაივანი და აშშ-ის მიერ დაფინანსებული ე.წ. ანალიტიკური ცენტრები, ნახავთ, რატომ ვრცელდება ასეთი დეზინფორმაცია. თუ გაიხსენებთ რამდენიმე წლის წინ ანაკლიის პორტთან დაკავშირებულ პირველ ტენდერს და რა მოხდა მაშინ, მიხვდებით, რატომ ვრცელდება კვლავ ასეთი დეზინფორმაცია.

ჩინეთი ელოდება დადებით შედეგს და მჯერა, რომ ეს მნიშვნელოვანი პროექტი იქნება და არა მხოლოდ ერთობლივი წამოწყება, არამედ ასევე აჩვენებს საქართველოსა და ჩინეთის სინერგიის მნიშვნელობას „სარტყელისა და გზის“ ინიციატივისთვის და შუა დერეფნისთვის“, - აღნიშნა ჩინეთის ელჩმა.

ცნობისთვის, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ინვესტორის გამოვლენის საერთაშორისო კონკურსში, რომლის ფინალურ ეტაპზე ორი კომპანია მონაწილეობდა, საბოლოოდ საკუთარი წინადადება მხოლოდ ერთმა - ჩინურ-სინგაპურულმა ჰოლდინგმა - China Communication Construction Company Limited წარადგინა, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს კომპანია კონკურსში გამარჯვებულად ფაქტობრივად შეიძლება ჩაითვალოს.

China Communication Construction Company Limited არის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ერთ-ერთი მსხვილი კონგლომერატი, რომელიც ფოკუსირდება მსხვილი ინფრასტრუქტურული აქტივების მშენებლობაზე, ფლობასა და ოპერირებაზე, მათ შორის აეროპორტების, პორტების, რკინიგზების, ნავთობპლატფორმების და სხვა აქტივების ფლობა/ოპერირებაზე. კომპანია 2005 წელს არის დაფუძნებული, მისი 63.8%-იან წილს სახელმწიფო ფონდი SASAC ფლობს.

აღსანიშნია, რომ ანაკლიის პორტის ინვესტორი ჩინური კონსორციუმი და მისი შვილობილები აშშ-ის შეზღუდვების ქვეშ არიან. კერძოდ, 2020 წელს აშშ-ის კომერციის დეპარტამენტმა CCCC და მისი რამდენიმე შვილობილი სამხრეთ ჩინეთის ზღვაში ჩინეთის თავდაცვის ძალების სასარგებლოდ ხელოვნური კუნძულების მშენებლობის პროცესში ჩართულობის გამო, სპეციალურ სიაში შეიყვანა და ამერიკულ კომპანიებს ნებართვის მოპოვების გარეშე მასთან გარიგებებსა და ოპერაციებში შესვლა შეუზღუდა. ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, გურამ გურამიშვილი აცხადებს, რომ ეს არ წარმოადგენს აქტივების მაბლოკირებელ სანქციას, რომელიც კომპანიას საქართველოში პროექტების განხორციელებას შეუზღუდავდა. მისი თქმით, CCCC-ის მიმართ არ მოქმედებს არავითარი სანქცია, რაც კომპანიას ანაკლიის პორტის პროექტის მშენებლობაში შეზღუდავდა.

შეგახსენებთ, საქართველოს მთავრობა ანაკლიის მშენებარე პორტში მაჟორიტარი აქციონერი იქნება და საკონტროლო 51% პაკეტი მის მფლობელობაში იქნება. შესაბამისად, გამოცხადებული ინტერესთა გამოხატვით სახელმწიფო ეძებდა ინვესტორს, რომელიც პორტში 49%-იანი წილის მფლობელი იქნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები