მიკროჩიპების და ნახევარგამტარების მსოფლიოს უდიდესი მწარმოებელი, ტაივანური TSMC 2024 წლის მეორე კვარტალის ფინანსური ანგარიშგების გასაჯაროებისთვის ემზადება, ხოლო ანალიტიკოსები, ტრადიციულად, საკუთარ პროგნოზებს აკეთებენ.
ლონდონის საფონდო ბირჟის ოცი ანალიტიკოსის შეფასებით, აპრილ-ივნისის პერიოდში ტაივანური გიგანტის წმინდა მოგება 30%-ით, $236.1 მილიონამდე გაიზრდება. ეს პროგნოზი დიდწილად კომპანიის მიერ წინა კვირას გასაჯაროებულ შემოსავალს ეფუძნება, რომელმაც ბაზრის მოლოდინებს მნიშვნელოვნად გადააჭარბა.
ბოლო ექვსთვიან პერიოდში, TSMC-ის აქციის ფასი 77%-ით, ერთწლიან პერიოდში კი 74%-ით არის გაზრდილი. დღეს, TSMC-ის საბაზრო კაპიტალიზაცია $964 მილიარდია, ანუ ის მე-9 ყველაზე ძვირად ღირებული კომპანიაა მსოფლიოში. კომპანიის გაძვირება რამდენიმე ფაქტორს უკავშირდება, მათ შორის ხელოვნური ინტელექტის ბუმს, რომელიც ძირეულად სწორედ მიკროჩიპებზე დგას. ამასთან, ტაივანზე მიკროჩიპების გლობალური ბაზრის წილის 66% მოდის, რაც ფაქტობრივად სრულად TSMC-ის დამსახურებაა, რომელიც Apple-ისა და NVIDIA-ს მსგავს ამერიკულ კომპანიებს ემსახურება.