ანაზღაურებადი სტაჟირების გავლის პირველი ეტაპი წელს დაიწყება - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, წელს სახელმწიფო სტრუქტურებში საპილოტე პროექტის ფარგლებში 2-3 ათასი კურსდამთავრებული უნდა დასაქმდეს, თუმცა ამ პროცესში კერძო სექტორიც იქნება ჩართული.
„პარლამენტმა როგორც მოგეხსენებათ, შარშან ახალგაზრდებისთვის ანაზღაურებადი სტაჟირების შესაძლებლობის მინიჭების შესახებ მიიღო კანონი. ეს კანონი საჭიროებს ეფექტიან აღსრულებას და მინდა გაგაცნოთ ჩემი გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ კანონის აღსრულება საპილოტე რეჟიმში უკვე წელსვე დაიწყება. წელს უნდა უზრუნველვყოთ უნივერსიტეტების 2-3 ათასი კურსდამთავრებულის მიერ სულ მცირე, ოთხთვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების გავლა სახელმწიფო სტრუქტურებში.
გარდა ამისა, მუნიციპალიტეტებთან და კერძო სექტორთან თანამშრომლობისა საფუძველზე ახალგაზრდებს უნდა მივცეთ საშუალება, მუნიციპალურ და კერძო სტრუქტურებშიც გაიარონ ანაზღაურებადი სტაჟირება. მე მინდა ვთხოვო განათლების მინისტრს, ფინანსთა მინისტრთან კოორდინაციით, მთავრობის შემდეგი სხდომისთვის უკვე წარმოვადგინოთ დეტალური გეგმა, რომლის საფუძველზეც ახალგაზრდები, კურსდამთავრებულები გაივლიან ანაზღაურებად სტაჟირებას, როგორც სახელმწიფო სტრუქტურებში, ისე მუნიციპალიტეტებში და ასევე, თანამშრომლობის საფუძველზე კერძო სექტორში", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.