მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ანდრო ჯიშკარიანი მთავრობას „წყალტუბოს აბანოების“ რეაბილიტაციისკენ მოუწოდებს

645a1b501f01b
თელარა გელანტია
09.05.23 18:51
898
სასტუმრო „ლეგენდს წყალტუბო სპა რეზორტი“ დამფუძნებლის და დირექტორის ანდრო ჯიშკარიანის ინფორმაციით, კურორტზე „წყალტუბოს აბანოების“ რეაბილიტაციის მიზნით ინვესტირება ჯერ არ დაწყებულა.

ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ განაცხადა.

საქმე ის არის, საქართველოს მთავრობამ წყალტუბოს წყლები/აბანოები $8 მილიონად ბიზნესმენ თამაზ სომხიშვილთან დაკავშირებული კომპანიისგან 2021 წელს გამოისყიდაამჟამად, აქტივს სახელმწიფო კომპანია „წყალტუბოს თერმული წყლები“ მართავს.

ანდრო ჯიშკარიანის აზრით, კარგი იქნება, თუ მთავრობის მიერ დაანონსებული „კურორტების და ქალაქების განვითარების“ პროგრამის ბიუჯეტის ნაწილი სწორედ წყალტუბოს აბაზანების რეაბილიტაციას მოხმარდება.

„ჩემი ინფორმაციით, წყალტუბოს აბაზანებში ინვესტირება ჯერ არ გაკეთებულა, თუმცა იმ პროექტის ფარგლებში, რომელიც მთავრობამ დააანონსა, კურორტების განვითარების სააგენტოსთან და ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ჩვენი სალაპარაკო თემა და თხოვნაა, რომ ამ თანხების ნაწილი მოხმარდეს აბაზანების რეაბილიტაციას და მათი რაოდენობის გაზრდას, რადგან მაღალ სეზონზე, არსებული აბაზანების რაოდენობა ვერ აკმაყოფილებს დღევანდელ მოთხოვნებს. ამდენად, იქიდან გამომდინარე, რომ ორიენტირებული ვართ ტურისტების რაოდენობის ზრდაზე, აუცილებელია, სახელმწიფომ, რომელიც დღეს წყალტუბოს აბაზანების მფლობელია, დააკმაყოფილოს მოთხოვნა. ზოგადად, სახელმწიფოს მხრიდან ფულის გამოყოფა რთულად ხდება, მაგრამ რადგან ეს ფული უკვე არსებობს, უპრიანი იქნება სწორი მიმართულებით მივმართოთ და ეს სწორი მიმართულება, გვგონია, რომ არის ბალნეოლოგიური კურორტების განვითარება“, - განაცხადა ანდრო ჯიშკარიანმა.

გარდა ამისა, სასტუმრო „ლეგენდს წყალტუბო სპა რეზორტი“ დამფუძნებელი და დირექტორი ანდრო ჯიშკარიანი კურორტების განვითარების სააგენტოს და ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას მოუწოდებს, დაიწყონ ბალნეოლოგიური კურორტების პირდაპირი მარკეტინგული კამპანიები მიზნობრივ ბაზრებზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები