მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ანი კვარაცხელია: ტერმინი "იმპორტის ჩანაცვლების პოლიტიკა" დამაზიანებელია

5e888469d83cb
ვიქტორია მღებრიშვილი
04.04.20 19:30
6411
ექსპორტის განვითარების ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ანი კვარაცხელია ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას მხრიდან ბოლო პერიოდში მრავალგზის გაჟღერებულ განცხადებას ეხმიანება, რომელიც იმპორტის ჩამნაცვლებელი ადგილობრივი წარმოებეის ხელშეწყობას ეხება. ანი კვარაცხელიას შეფასებით, ტერმინი „იმპორტის ჩანაცვლების“ პოლიტიკა დამაზიანებელია და უფრო სწორი იქნებოდა თუ სახელმწიფო ექპორტის წახალისებაზე შექმნილ მოდელს შესთავაზებდა საზოგადოებას. ექპორტის განვითარების ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში საუბრობს იმაზე, თუ რატომ არ შეიძლება ამ ტერმინის გამოყენება და ამ მოდელით ხელმძღვანელობა.

BM.GE ანი კვარაცხელიას მოსაზრებას უცვლელად გთავაზობთ:

„ეს პოპულისტური განცხადებები წარმოუდგენელია. ეს ფრაზა ხმარებიდანაა ამოსაღები, რომ მცდარი შეხედულებები არ წარმოიშვას მოსახლეობაში. ბოლო პერიოდში ხშირად გვესმის იმპორტის ჩანაცვლებაზე ორიენტირებული წარმოება და პოლიტიკა, როგორც ჩვენი ეკონომიკის მხსნელი და ახალი სტრატეგია. ეს არათუ მცდარი შეხედულებაა, არამედ დამაზიანებელია ჩვენი ეკონომიკისათვის.

1. იმპორტის ჩანაცვლების მექანიზმმა არცერთ ქვეყანაში არ გაამართლა (აქტიურად დაინერგა აფრიკაში, ლათინურ ამერიკაში, აზიის რამდენიმე ქვეყანაში და ყველა ეს ქმედება დასრულდა არაეფექტურად); 
2. იმპორტის ჩანაცვლება გამოიყენება დიდი რესურსების ქვეყნებში, ექსპორტის წახალისება პატარა რესურსების და მოსახლეობის ქვეყნებში; 
3. იმპორტის ჩანაცვლება ქვეყანაში ტოვებს არსებულ კაპიტალს, ხოლო ექსპორტის წახალისების დროს ქვეყანაში შემოდის ახალი კაპიტალი; 
4. საქართველოს ექსპორტი - $3.7 მლრდ, იმპორტი - $9 მლრდ. უარყოფითი ბალანსი - $5.3 მლრდ. ეს სხვაობა უნდა აღმოიფხვრას არა იმპორტის შემცირებით (გვექნება ისევ იგივე ექსპორტი და ნაკლები იმპორტი) არამედ ექსპორტის გაზრდით (მეტი ექსპორტი და იმპორტი შემცირდება გარკვეულ წილად თუ ეფექტური სექტორები თავს იჩენს ბუნებრივად).
5. ექსპორტზე ორიენტირებულმა ეკონომიკამ მოიტანა დადებითი შედეგები რიგ ქვეყნებში (East Asian Tigers, ირლანდია, ევროპის პატარა ქვეყნები).

იმპორტის ჩანაცვლება შიდა მოხმარებისათვისაა გამიზნული და თვითდაკმაყოფილებაზეა ორიენტირებული. ეს მიმართულება გამოიყენებოდა დიდი ქვეყნების ეკონომიკაში და საკმაოდ მოძველებულია. მას ძირითადად მოჰყვება არამხოლოდ წახალისება ადგილობრივი წარმოების, არამედ პოლიტიკაც, რომელიც სხვადასხვა რეგულაციებზეა მიმართული.

იმპორტის ჩანაცვლება, კლასიკური გაგებით, ნიშნავს იმპორტირებული პროდუქცია ჩანაცვლდეს ადგილობრივი წარმოებით, რაც შეამცირებს ვალუტის გადინებას ქვეყნიდან და შექმნის ადგილობრივ პროდუქციის მარაგებს. ძირითადად, ეს მოდელი მოიცავს არამხოლოდ წარმოების წახალისებას, არამედ სხვადასხვა რეგულაციებსა თუ შეზღუდვებს. (კლასიკური მოდელები რომელიც განხორციელებულია არის მექსიკა, ლათინური ამერიკის ქვეყნები, აზიის რამდენიმე ქვეყანა).

ქვეყანა თუ არ აწარმოებს ზოგიერთ პროდუქტს, ეს ნიშნავს იმას, რომ მას არ გააჩნია უპირატესობა ამ პროდუქტის წარმოების (იგულისხმება მაღალი ღირებულება რომელიმე წარმოების ფაქტორის, ნოუ ჰაუ, კვლევა, კვალიფიციური მუშახელი, ნედლეული). აწარმოო პროდუქტი, რომელშიც არაკონკურენტუნარიანი ხარ, არ არის ეკონომიკურად მომგებიანი არც ქვეყნისათვის და არც მეწარმისათვის. ეს პროდუქცია, რომელსაც აწარმოებ რეალურად ვერ გაუწევს კონკურენციას საერთაშორისო პროდუქტს ხარისხითა და ფასით, რადგან მას სხვა შემთხვევაში არ აწარმოებდი. ეს მოდელი, ზოგადად, არ ცნობს ქვეყნების შედარებით უპირატესობებს სხვადასხვა დარგებსა თუ მიმართულებებში. სხვა უარყოფითი მხარეები: პროტექციონიზმი, წარმოების არაეფექტურობა, დიდი დანახარჯები სახელმიფოს მხრიდან, უხარისხო პროდუქცია, მაღალი ფასები და სხვა.

მეორე, რაც ასევე მნიშვნელოვანია, ეს მოდელი საერთოდ ეწინააღმდეგება პატარა ეკონომიკის ქვეყნებს, რადგან როდესაც შიდა მოხმარება დაკმაყოფილდება, ამ პროდუქციას არ ექნება ექპორტის პოტენციალი, რადგან ის კონკურენციას ვერ გაუწევს საერთაშორისო ბაზარს (რომ გაეწია იმპორტი ამ პროდუქციის არ იქნებოდა ქვეყანაში).
ასევე, ეს მოდელი მცდარია პატარა ეკონომიკისათვის, რადგან გამორიცხავს დიდი ოდენობით პროდუქციის წარმოებას, რაც ფასს ამცირებს და მიმართულია ექსპორტისთვის.

რაც შეეხება ექსპორტის წახალისებაზე ორიენტირებულ მოდელს, ექსპორტის პრინციპით წარმოებული პროდუქცია, არამხოლოდ კონკურენტუნარიანია ადგილობრივ ბაზარზე, არამედ მთელს მსოფლიოში, რაც ნიშნავს იმას, რომ მისი ხარისხი და ფასი არის მომგებიანი მომხმარებლისათვის და მწარმოებლისათვის. ექსპორტის დროს პროდუქცია იწარმოება ეფექტურად (მისი წარმოების ფაქტორები მომგებიანია), რადგან ის მსოფლიოს ბაზრებზეა ორიენტირებული და არამხოლოდ ერთ კონკრეტულ სეგმენტზე (რადგან ადგილობრივი ბაზარი არის მცირე და უნდა მოერგო ადგილობრივ მოხმარებას).

დღეს ყველაზე აქტიურად გამოიყენება შერეული მეთოდები, რომელიც ექსპორტის წახალისებაზეა მიმართული, თუმცა არა ეკონომიკაში ჩარევის პრინციპით, არამედ წახალისების გზით“, - წერს ექსპორტის განვითარების ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები