მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Animal project „რუსული კანონის“ რეესტრში არ დარეგისტრირდება - რა გეგმები აქვს არასამთავრობო ორგანიზაციას?

ANIMAL PROJECT

არასამთავრობო ორგანიზაცია "პროექტი ცხოველებისთვის" დამფუძნებელი, ნათია ჩიქოვანი BMGTV-ს გადაცემაში „საქმიანი დილა“ აცხადებს, რომ მათი ორგანიზაცია „რუსული კანონის“ რეესტრში დარეგისტრირებას არ აპირებს.

მისი განმარტებით, აღნიშნული კანონი არაკონსტიტუციური, შეურაცხმყოფელი და ბევრი სასიკეთო საქმის შემჩერებელია.

„გეგმები ბუნდოვანია. ჩვენც, მოსახლეობასთან ერთად ველოდებით არჩევნებს, რომ ყველაფერი უკეთ შეიცვლება და „რუსული კანონი“ ამ ქვეყანაში აღარ იარსებებს, რომელიც არაკონსტიტუციური, შეურაცხმყოფელი და ძალიან ბევრი კარგი საქმის შემჩერებელია. ამიტომ, ჩვენს ორგანიზაციასაც მოუწევს საქმიანობის შეჩერება.

ჩვენთან ორი სხვადასხვა პროექტის დამფინანსებელია USAID და ევროკავშირია. ამ პროექტების ფინანსები უკვე ჩახურულია და დაგვრჩება მხოლოდ პროექტისთვის გათვალისწინებული გასაკეთებელი საქმიანობები. ბუნებრივია, ფინანსების გარეშე ვერც ცხოველი გასტერილდება, ვერც გადარჩება და ვერც პროექტები განხორციელდება, რომელსაც მოხალისეობრივად დავასრულებთ. ჩვენ, როგორც ფიზიკური პირები კვლავ ინდივიდუალურ აქტივიზმს გავაგრძელებთ, თუმცა ამას დიდი გავლენა ვერ ექნება და მაქსიმუმ, 3-5 ცხოველი გადავარჩინოთ. ანუ მასშტაბურ პროექტებს ინდივიდუალურად ვეღარ გავაკეთებთ.

3 მიზეზი გვაქვს, თუ რატომ არ ვგრეგისტრირდებით. პირველ რიგში იმიტომ, რომ ეს არის ჩვენთვის, როგორც ადამიანებისთვის შეურაცხმყოფელი და ტყუილი. ჩვენ ადამიანებს არ მოვატყუებთ, რომ უცხოურ ძალას ვატარებთ, რადგან არ არის ეს უცხოური ძალის გატარება. საქართველოში მიუსაფარი კომპანიონების უმწვავეს პრობლემას ვაგვარებთ, უბრალოდ საერთაშორისო დონორების დახმარებით და მარტო ამიტომ უნდა დავირქვათ უცხოური ძალის გამტარებელი? უბრალოდ, ტყუილია და მე საქართველოს მოსახლეობას ტყუილში არ შევიყვან და თავს შეურაცხყოფას არ მივაყენებ. სახელმწიფოს გასაკეთებელ საქმეს ვაკეთებთ პირდაპირ და ნათლად.

მეორე მიზეზი ისაა, რომ ფინანსური დეკლარაცია, რომელშიც ბევრი დეტალია, ხალხმა არ იცის და ამაზე არ საუბრობს ის მხარე, რომელიც უნდა საუბრობდეს. მაგალითად, ჩვენ გვაქვს სახალხო დაფინანსების კამპანიები, როდესაც ფიზიკური პირები ჩვენ თანხებს გვირიცხავენ ან დონაციის ყუთში ყრიან. კანონის თანახმად, ისინი თითოეული ლარის იდენტიფიკაციას ითხოვენ, რაც ფიზიკურად არის შეუძლებელი. შესაბამისად, თუ მე ამ თანხების იდენტიფიკაცია არ მოვახდინე, ავტომატურად ეს თანხები ითვლება უცხოურ და არაიდენტიფიცირებულ თანხად. შესაბამისად, მე რომ სულ შევწყვიტო საერთაშორისო დონორებთან და სახალხო დაფინანსებით ვისარგებლო, მაინც მომიწევს დარეგისტრირება. ამასთან, ჩვენ ვართ სამი ადამიანი და ამ დეკლარაციების შევსებაზე ალბათ ერთმა ადამიანმა უნდა იმუშაოს. ანუ, ერთი სამუშაო ძალა უნდა მომაკლდეს, რადგან სახელმწიფომ გადაწყვიტა ყველა ოპოზიციური ხმების ჩახშობა, რომელიც მათი საწინააღმდეგოა“,- აცხადებს ჩიქოვანი.

მისი ინფორმაციით, თუ საქართველო საერთაშორისო პრაქტიკებით აღიარებულ სტრატეგიას აღასრულებს, აქვს შესაძლებლობა, რომ ქუჩაში, ევროპული ქვეყნების მსგავსად არცერთი ცხოველი აღარ იქნება.

„ჩვენ სტრატეგიას რამდენიმე კომპონენტი აქვს, რომელიც ქუჩიდან აყვანის წახალისებას, ყიდვის ნაცვლად გულისხმობს. ნიდერლანდებმა აღნიშნული სახელმწიფო პოლიტიკად აქცია. ევროპაში ქუჩიდან ცხოველები აღარ აჰყვათ, რადგან იქ უკვე აღარ არიან ცხოველები. თუმცა, მესამე მსოფლიოს ქვეყნებიდან აჰყავთ, როგორიც საქართველოა. ჩვენ გვაქვს ერთ-ერთი პროექტი Zero strays Georgia, რომელიც საქართველოდან გადარჩენილ ცხოველებს სწორედ ევროპაში აჩუქებს. ეს არ არის ერთი ცხოველის გადარჩენა, ეს ცხოველები გასტერილდებიან და პოტენციურად ათასობით ლეკვის და კნუტის პრევენციას ვახდენთ.

გარდა ამისა, ვახორციელებთ სამართლებრივი სისტემის გასაუმჯობესებლად, ადვოკატირების კამპანიას. ამასთან, ჩვენ ვთანამშრომლობდით გარემოს დაცვის კომიტეტთან და კონსულტაციებს ვუწევდით ძალიან აქტიურად, სანამ მისი ხელმძღვანელი დაგვბლოკავდა ჩვენი ორგანიზაციის წევრებს სოციალური გვერდიდან. ამის გარდა, ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ რეგიონებთან. რეგიონების აქტივისტებთან. Animal project-ს აქვს უნიკალური ბაზა, სადაც გაერთიანებული არიან ის ადამიანები, რომლებიც რეგიონებში ჩვენზე გაცილებით რთულ პირობებში ცდილობენ, რომ მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობით პრობლემა მოაგვარონ და ჩვენ მათ ინფორმაციულად ვაძლიერებთ.

მე ვიღებ პასუხისმგებლობას, რომ ნული ცხოველი შეგვიძლია გვყავდეს ქუჩაში, თუ ჩვენ საერთაშორისო პრაქტიკებით აღიარებულ სტრატეგიას აღვასრულებთ, რომელიც რთული არ არის, უბრალოდ სახელმწიფომ უნდა გააკეთოს თავისი საქმე. იმის მიუხედავად, რომ ძალიან პატარა ორგანიზაცია ვართ, იმდენად გულანთებულად ვმუშაობთ, რადგან ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია პიროვნულადაც ამ პრობლემის მოგვარება“,- აცხადებს ორგანიზაციის თანადამფუძნებელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები