კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN) ე.წ. რუსულ კანონთან დაკავშირებით პარლამენტს მიმართავს და მისი უკან გაწვევისკენ მოუწოდებს.
არასამთავრობო ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ დონორი ქვეყნების მოტივების ეჭვქვეშ დაყენება უარყოფითად აისახება საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან თანამშრომლობასა და საინვესტიციო გარემოზე.
BMG მიმართვას უცვლელად გთავაზობთ:
"CENN გამოხატავს ღრმა შეშფოთებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის გამო და მოუწოდებს პარლამენტს, შეაჩეროს განხილვის პროცესი და მოახდინოს მისი უკან გაწვევა. მივმართავთ საქართველოს პარლამენტის თითოეულ წევრს, გამოავლინოს პირადი პასუხისმგებლობა და არ დაიშუროს ძალისხმევა ქვეყნის დემოკრატიული, ევროპული კურსის შესანარჩუნებლად.
სტრატეგიულმა პარტნიორებმა საქართველოს უკვე მოუწოდეს კანონპროექტის გაწვევისკენ. მათგან ასევე მოვისმინეთ განმარტებები ევროკავშირში გაწევრიანების პროგრესის გადახედვის შესახებ, რაც ჩვენი ეროვნული ინტერესებისა და მოქალაქეების კეთილდღეობის უზრუნველყოფის რეალური შანსის დაკარგვაა. საერთაშორისო დონეზე პოზიციების შესუსტება პირდაპირ აისახება ქვეყნის უსაფრთხოებაზე და ეკონომიკურ განვითარებაზე.
კანონი და მის მხარდასაჭერად გაკეთებული საჯარო განცხადებები წინააღმდეგობაშია ჩვენს ისტორიულ-კულტურულ იდენტობასთან. ეროვნული პოლიტიკის ფარგლებში, ევროპასთან ჩვენი ურთიერთობა არასდროს გასცდენია ნდობის, გამჭვირვალობის და დიპლომატიის ჩარჩოებს. ასევე არასდროს გამოკვეთილა ქართული სახელმწიფოებრიობისთვის დამაზიანებელი, მტრული განზრახვა მეგობარი ქვეყნების მხრიდან.
დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, საერთაშორისო ინსტიტუციებთან და მთლიანად, ცივილიზებულ სამყაროსთან მჭიდრო თანამშრომლობის პროცესში, საქართველო არა მხოლოდ წარმატებით იცავდა ეროვნულ ინტერესებს, არამედ წვლილი შეჰქონდა გლობალურ უსაფრთხოებაში და მსოფლიოს თანამედროვე ღირებულებების შექმნაში. შედეგად, საქართველოს, როგორც ღირსეულ მოკავშირეს, მიეცა ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის საშუალება, ქართულ პროდუქციას კი ფართოდ გაეხსნა გზა ევროპული ბაზრებისკენ. საფრთხეშია უკვე მიღწეული შედეგების შენარჩუნებაც.
ქვეყნის პროგრესი თითქმის ყველა სფეროში ეფუძნებოდა საუკეთესო ევროპული გამოცდილების გაზიარებას. მეგობარი ქვეყნების მხარდაჭერა კიდევ უფრო მასშტაბურად ვლინდებოდა პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ კრიზისებში, რუსული ინტერვენციის, ემბარგოს თუ ენერგეტიკული ბლოკადის პირობებში. შედეგად, უმძიმეს გეოპოლიტიკურ პროცესებშიც ვინარჩუნებდით დამოუკიდებლობას და დემოკრატიული, მდგრადი განვითარების კურსს.
ქართველი ხალხის მწვავე რეაქციამ ხელისუფლებას ერთხელ უკვე მიაღებინა კანონპროექტის უკან გაწვევის გონივრული გადაწყვეტილება. მისი დაბრუნება და ხელახალი განხილვა დაკავშირებულია პოლარიზაციის და ახალი პოლიტიკური კრიზისის რისკებთან, რაც თანხვედრაშია ჩვენი ოკუპანტი ქვეყნის, რუსეთის ინტერესებთან - შექმნას დესტაბილიზაციის ახალი კერები ჩვენს რეგიონში.
დონორი ქვეყნების მოტივების ეჭვქვეშ დაყენება უპირობოდ ხელს შეუშლის კანდიდატი ქვეყნისთვის გათვალისწინებული ფინანსური მხარდაჭერის გარდაუვალ ზრდას, შეაჩერებს თანმიმდევრული სექტორული რეფორმების განხორციელებას, უარყოფითად აისახება საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან თანამშრომლობაზე და საინვესტიციო გარემოზე.
დაუშვებელია, რომ ევროპასთან ინტეგრაციის ყველაზე ინტენსიურ ეტაპზე საქართველო განიხილავდეს საერთაშორისო მხარდაჭერით განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი პროგრამების საჭიროებას, რომლებიც მოიცავს თითქმის ყველა სფეროს, პირდაპირი სარგებელი მოაქვს ასი ათასობით მოქალაქისთვის და ქმნის ქვეყნის უსაფრთხოების, სიღარიბის შემცირების და დემოკრატიული, მდგრადი განვითარების გარანტიებს.
საქართველოს ხელისუფლებას და ქართველ ხალხს, მწარე ისტორიული გაკვეთილების შედეგად, გამოუმუშავდა პოლიტიკური სიბრძნე და სიფრთხილე, რაც კიდევ ერთხელ ხდება მთავარი იარაღი მშვიდობის, დამოუკიდებლობისა და ევროპული მომავლის შენარჩუნებისთვის. იმედს ვიტოვებთ, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე, პირველ რიგში კი პოლიტიკურ პროცესებზე, ქვეყნის უსაფრთხოებაზე და მის განვითარებაზე პასუხისმგებელი პირები, იმოქმედებენ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე და გამონახავენ კონსტრუქციული დიალოგის გზას, რაც კიდევ ერთხელ დასრულდება კანონპროექტის გაწვევით. ეს მხარეებს საშუალებას მისცემს, გაგრძელდეს აქტიური თანამშრომლობა ქვეყანაში დემოკრატიის, გამჭვირვალობისა და კეთილდღეობის სტანდარტების გასაუმჯობესებლად",- აღნიშნულია მიმართვაში.
"ქართულმა ოცნებამ" უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტი პარლამენტში უკვე დაარეგისტრირა. დოკუმენტის მიხედვით, "უცხოური ძალის აგენტი" "უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით" ჩანაცვლდა. სტატუსი ნებისმიერ საზოგადოებრივ ორგანიზაციას თუ მედიას მიენიჭება, რომელიც დაფინანსების 20%-ზე მეტს დონორული ორგანიზაციებისგან, საერთაშორისო ფონდებისგან თუ უცხოური ასოციაციებისგან იღებს. ამ ორგანიზაციებს უცხოური ინტერესების გამტარებელთა რეესტრში რეგისტრაცია და ფინანსური დოკუმენტაციების ატვირთვა მოუწევთ. ასეთი სტატუსის მქონე პირთა შემოწმება იუსტიციის სამინისტროს შეეძლება.
რა წერია "ოცნების" მიერ ხელახლა წარდგენილ "რუსულ კანონში" - კანონპროექტი სრულად
მიღების შემთხვევაში, პრეზიდენტი ე.წ. რუსულ კანონს ვეტოს დაადებს