121 არასამთავრობო ორგანიზაცია "რუსული კანონის" წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელს შეიტანს. ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე IDFI-ის კანონის უზენაესობის და მედიის თავისუფლების მიმართულების ხელმძღვანელმა, გიორგი დავითურმა განაცხადა.
მისი თქმით, სარჩელი მზადაა და დღეს გაიგზავნება.
"ვაგრძელებთ სამართლებრივ ბრძოლას რუსული კანონის წინააღმდეგ. ამჯერად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მივმართავთ კონსტიტუციური სარჩელით. სარჩელთან ერთად, სასამართლოს წარედგინება შუამდგომლობა არაკონსტიტუციური ნორმების მოქმედების შეჩერების შესახებ. კონსტიტუციური სარჩელი კიდევ ერთხელ ნათლად ადასტურებს, რომ სადავო კანონი ზღუდავს მოქალაქეთა უფლებას, გაერთიანდნენ საერთო მიზნის მისაღწევად, ქვეყნისთვის სასიკეთო საქმის საკეთებლად და ადამიანების დასახმარებლად", - თქვა გიორგი დავითურმა.
მისივე განცხადებით, ორგანიზაციები ასევე ემზადებიან საჩივრის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წარსადგენად.
"არ ვიცხოვრებთ რუსული კანონის წესებით და გამოვიყენებთ ყველა ეროვნულ თუ საერთაშორისო მექანიზმის მისი მოქმედების შესაჩერებლად, მის სრულ საბოლოო გაუქმებამდე. კი ევროპას, არა რუსულ კანონს!",- აღნიშნა მან.
შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა „რუსული კანონი“ საკონსტიტუციო სასამართლოში უკვე გაასაჩივრა. სალომე ზურაბიშვილი კანონის შეჩერებასა და გაუქმებას ითხოვს.