მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ავტორიტარიზმის მემკვიდრეობა და უცხოური ჩარევები“ - რა თქვა ირაკლი კობახიძის საკონსტიტუციო სასამართლოს იუბილეზე?

ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძემ საკონსტიტუციო სასამართლოს 30 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას უწყების განვლილი გზა შეაფასა და მის საქმიანობაში სამი ძირითადი ეტაპი გამოყო.

მთავრობის მეთაურის თქმით, სასამართლოს დაფუძნების პირველ ათწლეულში ინსტიტუციური საფუძვლები შეიქმნა, რისთვისაც მან პირველ თავმჯდომარეებსა და მოსამართლეებს მადლობა გადაუხადა. თუმცა, კობახიძემ კიდევ ერთხელ, მკვეთრად უარყოფითად შეაფასა ორგანოს არსებობის მეორე დეკადა. [ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების პერიოდი].

კობახიძის განცხადებით, ეს პერიოდი ავტორიტარული რეჟიმის ჩამოყალიბებას დაემთხვა, რაც კონსტიტუციის საკუთარ თავზე მორგებითა და ინსტიტუტების დაკნინებით გამოიხატებოდა. მან აღნიშნა, რომ იმდროინდელი სასამართლოს თავმჯდომარის გამო კონსტიტუცია ორჯერ შეიცვალა, ხოლო 2007-2012 წლებში ორგანოს მიმართ საზოგადოებრივი ნდობა უკიდურესად დაეცა.

„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობის მეორე დეკადა შავ ლაქად დარჩება მის ისტორიაში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ და დასძინა, რომ ავტორიტარული მემკვიდრეობის გავლენა 2013-2016 წლებშიც იგრძნობოდა, როდესაც ცალკეული მოსამართლეები კვლავ პოლიტიკური ძალის კარნახით მოქმედებდნენ.

პრემიერ-მინისტრის შეფასებით, ვითარება თვისებრივად 2016 წლიდან შეიცვალა, რაც 2017-2018 წლების საკონსტიტუციო რეფორმით განმტკიცდა. ამასთან, კობახიძემ ხაზი გაუსვა სასამართლოს დამოუკიდებლობის ხელყოფის მიმდინარე მცდელობებსაც. მისი თქმით, ამ პროცესების უკან დგანან როგორც ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფები, ისე უცხოური ძალები.

მთავრობის მეთაურმა კრიტიკულად შეაფასა დიპლომატების ქმედებებიც: „ვხედავთ, როგორ ცდილობენ კონკრეტული ელჩები საკონსტიტუციო სასამართლოსგან მიიღონ განმარტებები მიმდინარე საქმეებზე, რაც ვენის კონვენციის უხეშ დარღვევად და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოზე ზეწოლის უხეშ მცდელობად უნდა შეფასდეს“.

გამოსვლის დასასრულს ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ არსებული გამოწვევების მიუხედავად, საკონსტიტუციო სასამართლო დღეს ადამიანის უფლებების დაცვის ღირსეული გარანტია. მან მოსამართლეებსა და აპარატის თანამშრომლებს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და სახელმწიფოს მხრიდან უწყების ეფექტიანი ფუნქციონირების მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები