მოსამართლეებმა უნდა იმოქმედონ საკუთარი პროფესიული პასუხისმგებლობის შესაბამისად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილ მოსამართლეზე, მანანა კობახიძეზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
პრემიერმა აღნიშნა, რომ პასუხისმგებლობას არავინ არ უნდა გაექცეს.
„მე ვნახე მისი განცხადების შინაარსი. სათაურისგან განსხვავდებოდა. მან ისაუბრა იმასთან დაკავშირებით, რომ ადვოკატად აპირებს მუშაობის გაგრძელებას და უნდა იურიდიული კარიერა არ დაასრულოს. სათაურში სხვანაირად იყო ეს ყველაფერი გამოტანილი, თუმცა ეს არ არის საინტერესო. მთავარია, რომ მოსამართლეებმა უნდა იმოქმედონ საკუთარი პროფესიული პასუხისმგებლობის შესაბამისად. არავინ არ უნდა გაექცეს პასუხისმგებლობას. ეს არის ერთადერთი, რაც შემიძლია ვთქვა“, - განაცხადა პრემიერმა.
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე მანანა კობახიძემ თანამდებობა ვადაზე ადრე დატოვა, რასაც წინ უძღოდა მისი მოთხოვნა პარტიების აკრძალვის საქმეზე აცილების შესახებ. როგორც მან "რადიო თავისუფლებას" განუცხადა ის არ აპირებს, თავისი გადაწყვეტილების შეფასებებს პასუხი გასცეს, ეს მისი პირადი გადაწყვეტილება იყო და მიიჩნევს, რომ სწორად მოიქცა.
"სპეკულაციებისთვის ყოველთვის არის სივრცე. მოვისმინე ათასგვარი კომენტარი და ვფიქრობ, არ უნდა ვუპასუხო მათ. მიუხედავად იმისა, რომ უკვე ყოფილი მოსამართლე ვარ, ჩემი პროფესიული ეთიკა მაინც მავალდებულებს, ამ თემაზე ამის იქით აღარ ვისაუბრო. ეს იყო ჩემი პირადი გადაწყვეტილება, ჩემი გადადგმული პირადი, დამოუკიდებელი ნაბიჯი და არაფერი მეტი. მე მგონია, რომ სწორი ვიყავი”, - ამბობს ის.
























