მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მივიღეთ მძიმე, მაგრამ საჭირო გადაწყვეტილება - CENN "რუსული კანონის" რეესტრში დარეგისტრირდება

CENN

ორგანიზაცია CENN უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრში რეგისტრაციის შესახებ განცხადებას ავრცელებს. როგორც ორგანიზაციაში განმარტავენ, ამ ეტაპზე რეესტრში რეგისტრაციის "მძიმე", მაგრამ სამოქალაქო სექტორის შესანარჩუნებლად საჭირო გადაწყვეტილება მიიღეს.

"CENN ეწინააღმდეგება ქვეყანაში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებას, რომელიც საქართველოს პარლამენტმა, საერთაშორისო თანამეგობრობების მხრიდან არაერთი მიმართვის მიუხედავად, დემოკრატიის პრინციპების სრული დარღვევით, მასობრივი საპროტესტო აქციების ფონზე დაამტკიცა.

CENN-მა არაერთხელ გაუსვა ხაზი საჯარო განცხადებებში, რომ აღნიშნული კანონი საფრთხის ქვეშ აყენებს საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებულ პრინციპებს, აზიანებს ქვეყნის ევროინტეგრაციას, ხელს უწყობს დესტაბილიზაციას და იწვევს სამოქალაქო და მედიასექტორების სტიგმატიზაციას, რაც უარყოფითად აისახება ქვეყნის განვითარებაზე.

აღნიშნული კანონი საქართველოში რეგისტრირებულ ყველა იმ არასამთავრობო და მედიაორგანიზაციას, რომელთა წლიური შემოსავლის 20%-ზე მეტი უცხოური დაფინანსებიდან მოდის, უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრში დარეგისტრირებას ავალდებულებს. იმ შემთხვევაში, თუ ორგანიზაცია არ დაემორჩილება აღნიშნულ მოთხოვნას, დაეკისრება ფინანსური ჯარიმები, რის პარალელურადაც, იუსტიციის სამინისტრო მას ავტომატურად დაარეგისტრირებს.

CENN, თავისი ხედვებით, ღირებულებებითა და საქმიანობით, სრულიად ემიჯნება ზემოთ აღნიშნულ კანონსა და მის მოთხოვნებს. თუმცა, ქვეყანაში არსებული კრიზისული პერიოდიდან გამომდინარე, პრიორიტეტი სამოქალაქო სექტორის შენარჩუნებაა, რაც, თავის მხრივ, გვაკისრებს პასუხისმგებლობას, გავაკეთოთ ყველაფერი, რაც ორგანიზაციას და ზოგადად სექტორს დაეხმარება საქმიანობის გაგრძელებაში და საზოგადოებისათვის იმ სიკეთეების მოტანაში, რასაც უკვე 25 წელზე მეტია, კანონის სრული დაცვითა და ქართული საზოგადოებისადმი მაღალი პასუხისმგებლობით ვაკეთებთ.

სწორედ ამიტომ, CENN-მა მიიღო მძიმე, მაგრამ ამ ეტაპისათვის საჭირო გადაწყვეტილება, შეასრულოს კანონით დაკისრებული რეგისტრაციის მოთხოვნა და გააგრძელოს ადვოკატირება და ბრძოლა უფრო დემოკრატიული და თავისუფალი მომავლის შექმნისათვის საქართველოში.

ჩვენ გვჯერა ქართული საზოგადოების და გვწამს, რომ გაერთიანებული ძალებით, ქვეყანა მალე დაბრუნდება პროევროპულ ორბიტაზე და გააგრძელებს სვლას ევროინტეგრაციის გზაზე. ამ პროცესში კი თითოეული ჩვენგანის როლი მნიშვნელოვანია - ერთად უნდა შევუწყოთ ხელი ქვეყნის დემოკრატიზაციას", - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები