მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ვენჩურული კაპიტალისტები ხელოვნური ინტელექტის სფეროში მომუშავე სტარტაპ Anthropic-ს საინვესტიციო შეთავაზებებით მიმართავენ, რის შედეგადაც კომპანიის საბაზრო ღირებულება, შესაძლოა, რეკორდულ $800 მილიარდამდე გაიზარდოს.
კომპანიის კაპიტალიზაციის ზრდა პროგრამული კოდირების ასისტენტის, Claude Code-ის წარმატებამ და შემოსავლების მკვეთრმა მატებამ განაპირობა. გასულ კვირას გავრცელებული ინფორმაციით, Anthropic-ის წლიურმა საპროგნოზო შემოსავალმა $30 მილიარდს მიაღწია, რაც გასული წლის ბოლოს დაფიქსირებულ $9 მილიარდთან შედარებით მნიშვნელოვანი ნახტომია. ამასთან, კომპანიას უკვე 1000-ზე მეტი ბიზნესკლიენტი ჰყავს, რომლებიც წლიურად $1 მილიონზე მეტს ხარჯავენ, რაც ბოლო ორი თვის განმავლობაში გაორმაგებული მაჩვენებელია.
ინვესტორთა ოპტიმიზმს ასევე აძლიერებს ახალი მოდელის, Mythos-ის პრეზენტაცია, რომელიც თავისი სიმძლავრის გამო, კიბერშეტევების რისკის თავიდან ასაცილებლად, ფართო საზოგადოებისთვის ჯერჯერობით ხელმისაწვდომი არ არის.
აღსანიშნავია, რომ თებერვალში კომპანიამ ბოლო საინვესტიციო რაუნდი $380- მილიარდიანი შეფასებით დახურა, ანუ ამ მოკლე პერიოდში Anthropic-ის შეფასება 110%-ით გაიზარდა.




























