მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Anthropic-ი ხელოვნური ინტელექტის საკუთარი ჩიპების შექმნაზე მუშაობას გეგმავს

Anthropic

ხელოვნური ინტელექტის წამყვანი სტარტაპი Anthropic-ი საკუთარი ჩიპების შექმნის შესაძლებლობას განიხილავს. აღნიშნული გადაწყვეტილება წამყვანი AI სისტემების განვითარებისთვის საჭირო კომპონენტების დეფიციტს უკავშირდება.

როგორც ცნობილია, Anthropic-ი, მსგავსად მისი კონკურენტებისა, ხელოვნური ინტელექტის ჩიპებზეა დამოკიდებული. ამ მხრივ კი პროცესორების მწარმოებლები მოთხოვნის დაკმაყოფილებას ვეღარ ახერხებენ და ხშირად დაპირებული რაოდენობის ჩიპებს დამკვეთებს დროულად ვერ აწვდიან.

არსებული ინფორმაციით, დარიო ამოდეის სტარტაპი ინიციატივის განხილვის ეტაპზეა და საბოლოო გადაწყვეტილებას ფინანსური და ტექნიკური საკითხების დაზუსტების შემდეგ მიიღებს. Reuters-ის ცნობით, სტარტაპს ჯერჯერობით არც კონკრეტული დიზაინი აქვს შემუშავებული, მასზე მომუშავე სპეციალური საინჟინრო გუნდი კი ჩამოყალიბებული არ არის.

აღსანიშნავია, რომ Anthropic-ს საკუთარი ჩიპების შექმნის მიმართ ინტერესი Claude-ის ხელოვნური ინტელექტის მოდელზე მოთხოვნის მკვეთრმა ზრდამ გაუჩინა. მიმდინარე კვირას სტარტაპმა გაასაჯაროვა, რომ მისმა წლიურმა შემოსავალმა $30 მილიარდს გადააჭარბა და ეს მთლიანად Claude-ის პოპულარობამ განაპირობა. როგორც ცნობილია, სტარტაპი ცდილობს, კორპორაციულ თუ კერძო დამკვეთებს საუკეთესო ხარისხის AI მოდელების შესთავაზოს, თუმცა ამას დამატებითი გამოთვლითი სიმძლავრე, დამატებითი ჩპები სჭირდება, რა მხრივაც სხვა კომპანიების მსგავსად Anthropic-იც დეფიციტს განიცდის.

ამჟამად დარიო ამოდეის სტარტაპი საკუთარი პროგრამული უზრუნველყოფის მუშაობისთვის Google-ისა და Amazon-ის მიერ შექმნილ ჩიპებს იყენებს. თუმცა Anthropic-ში მიიჩნევენ, რომ უმჯობესი იქნება, თუ მათ საკუთარი AI ჩიპები ექნებათ. დარგის სპეციალისტების შეფასებით, თანამედროვე ჩიპის შექმნის ღირებულება, მაღალკვალიფიციური ინჟინრებისა და წარმოების ხარჯების გათვალისწინებით, დაახლოებით $500 მილიონს შეადგენს.

შეგახსენებთ, რომ Anthropic-ი სან-ფრანცისკოში ბაზირებული კომპანიაა, რომელიც ხელოვნური ინტელექტის სფეროში ერთ-ერთ წამყვან მოთამაშედ მიიჩნევა. მისი კაპიტალიზაცია კი $380 მილიარდ დოლარს აჭარბებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები