ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი, მედიასთან საუბრისას საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად რეკომენდაციების შესრულების საკითხს შეეხო და აღნიშნა, რომ ქვეყანაში ანტიდასავლური ნარატივი კვლავ ვრცელდება.
“ჩვენ ყველაფერს დიდი ყურადღებით ვაკვირდებით და დეზინფორმაციის ზრდას, ანტიდასავლური ნარატივის გავრცელებას ვამჩნევთ. ძალიან გაკვირვებული ვარ საქართველოს მოსახლეობის იმ ნაწილით, რომელიც ამგვარი დეზინფორმაციის წინააღმდეგ მდგრადობას იჩენს", - ამბობს ჰარჩინსკი.
მისი თქმით, მიუხედავად გავრცელებული ანტიდასავლური ნარატივებისა, საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი კვლავ ინარჩუნებს ევროკავშირის მიმართ ნდობას.
"საზოგადოება ევროპის მიმართ მაღალ ნდობას გამოხატავს. მოსახლეობა ხვდება, რომ ევროპული მომავალი საქართველოში მშვიდობისა და სტაბილურობის საუკეთესო გარანტიაა”, - აცხადებს ევროკავშირის ელჩი.
ცნობისთვის, ევროკომისიის მიერ შემუშავებული 12 რეკომენდაციიდან, რომელიც საქართველომ ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსის მისაღებად უნდა შეასრულოს, ამ დრომდე სრულად მხოლოდ სამია შესრულებული.