მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ანტიკორუფციული ბიურო GRECO-ს ანგარიშის გასაჯაროებასთან დაკავშირებით TI-ს მოწოდებას ეხმაურება

ანტიკორუფციული ბიურო

ანტიკორუფციული ბიურო GRECO-ს ანგარიშის გასაჯაროებასთან დაკავშირებით TI-ს მოწოდებას ეხმაურება. საქმე იმაშია, რომ "საერთშორისო გამჭვირვალობა საქართველომ" დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოს მთავრობამ პირველად განაცხადა უარი ევროპის საბჭოს „კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლ სახელმწიფოთა ჯგუფის“ (GRECO) ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშის საჯაროდ გამოქვეყნებაზე. აღნიშნულს ანტიკორუფციულმა ბიურომ სიცრუე უწოდა.

"საქართველო, GRECO-ს მიერ შემუშავებული პროცედურებისა და გადაწყვეტილებების შესაბამისად, უზრუნველყოფს 96-ე პლენარულ სესიაზე დამტკიცებული საქართველოს მე-5 რაუნდის შეფასების ანგარიშისა და მე-4 რაუნდის მეორე შესაბამისობის ანგარიშზე მეორე დამატების საჯაროობას!

2024 წლის 22 მარტს 96-ე პლენარულ სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, რაც საჯაროდ ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული მხარისთვის, საქართველომ იკისრა ვალდებულება თარგმნოს ანგარიშები მშობლიურ ენაზე და უზრუნველყოს მათი საჯაროობა.

ანტიკორუფციულმა ბიურომ, შესაბამისი წესების დაცვით, დაუყოვნებლივ დაიწყო დამტკიცებული ანგარიშების თარგმნა და პროცესის დასრულებისთანავე ანგარიშები გამოქვეყნდება როგორც ბიუროს, ისე GRECO-ს ოფიციალურ ვებგვერდზე.

2024 წლის 18-22 მარტს, ქ. სტრასბურგში გაიმართა კორუფციის წინააღმდეგ სახელმწიფოთა ჯგუფის (GRECO) 96-ე პლენარული სესია, რომლის ფარგლებშიც დამტკიცდა საქართველოს მე-5 რაუნდის შეფასების ანგარიში და მე-4 რაუნდის მეორე შესაბამისობის ანგარიშზე მეორე დამატება", - წერია ანტიკორუფციული ბიუროს განცხადებაში, სადაც ასევე აღნიშნულია, რომ GRECO-ს შემფასებელი ჯგუფებისთვის დამტკიცებული სახელმძღვანელოს თანახმად, შეფასების პროცესის ყველა ეტაპი არის კონფიდენციალური, ვიდრე ქვეყანა არ უზრუნველყოფს მშობლიურ ენაზე ნათარგმნი დოკუმენტის საჯაროობას.

"უნდა აღინიშნოს, რომ ანგარიშების თარგმნა, მისი მოცულობის გათვალისწინებით, საჭიროებს გონივრულ ვადას, რის გამოც ზემოაღნიშნული ანგარიშების უმეტესობა კვლავ არ არის გამოქვეყნებული და რჩება კონფიდენციალური. 96-ე პლენარული სესიაზე დამტკიცებული 14 ანგარიშიდან ნათარგმნი და გამოქვეყნებულია მხოლოდ 3 ანგარიში. ანგარიშები არ გამოუქვეყნებიათ ისეთ ქვეყნებს, როგორიც არის გერმანია, ბელგია, იტალია, ხორვატია, შვეიცარია, საბერძნეთი, ლიეტუვა, ყაზახეთი. შესაბამისად, თარგმნის დასრულებამდე და გამოქვეყნებამდე, თითოეული ამ ანგარიშის სტატუსი რჩება „კონფიდენციალური“ GRECO-ს რეგლამენტის შესაბამისად.

აღსანიშნავია, რომ ანტიკორუფციულმა ბიურომ, შესაბამისი წესების დაცვით, დაუყოვნებლივ დაიწყო დამტკიცებული ანგარიშების თარგმნა და პროცესის დასრულებისთანავე ანგარიშები გამოქვეყნდება როგორც ბიუროს, ისე GRECO-ს ოფიციალურ ვებგვერდზე", - აღნიშნულია განცხადებაში.

ცნობისთვის, დღეს აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა პრემიერმა ირაკლი კობახიძემაც, რომელმაც აღნიშნა, რომ ანგარიში ითარგმნება და მაშინვე გამოქვეყნდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები