მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ანტიკორუფციული ბიურო „კეთილსინდისიერებისა და მხილების ევროპული ქსელის“ საბჭოს წევრი გახდა

რაჟდენ კუპრაშვილი

საქართველოს ანტიკორუფციული ბიუროს ინფორმაციით, 12-13 ივნისს ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში გაიმართა კეთილსინდისიერებისა და მხილების ევროპული ქსელის (NEIWA) მე-10 გენერალური ასამბლეა, სადაც ბიურო საქართველოს სახელით მონაწილეობდა.

ბიუროსვე ცნობით, ასამბლეის ფარგლებში საქართველო NEIWA-ს მმართველი ბორდის წევრად აირჩიეს. მათი განმარტებით, ბორდის წევრობა გულისხმობს მონაწილეობას ქსელის სტრატეგიულ მართვაში, შეხვედრების ორგანიზებაში და საქმიანობის კოორდინაციაში.

„საქართველო, როგორც ევროკავშირის ასოცირებული ქვეყანა და ანტიკორუფციული რეფორმების აქტიური მონაწილე, NEIWA-ს წევრია 2024 წლიდან. ქვეყანას ამ ქსელში წარმოადგენს საქართველოს ანტიკორუფციული ბიურო, რომელიც 2023 წელს ჩამოყალიბდა და უკვე აქტიურად მონაწილეობს საერთაშორისო თანამშრომლობაში,“ — აღნიშნულია ბიუროს განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, NEIWA (Network of European Integrity and Whistleblowing Authorities) 2019 წელს შეიქმნა და აერთიანებს სახელმწიფო უწყებებს, რომლებიც მუშაობენ კეთილსინდისიერების, გამჭვირვალობისა და მამხილებელთა დაცვის სფეროში.

ანტიკორუფციული ბიურო განმარტავს, რომ ქსელის მიზანია წევრებს შორის გამოცდილების, ცოდნისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება. მათი თქმით, საქართველო აქტიურად ერთვება NEIWA-ს ინიციატივებში და უზიარებს პარტნიორებს საკუთარ გამოცდილებას მამხილებელთა დაცვის მექანიზმების დანერგვაში.

როგორც ბიურო იტყობინება, ასამბლეაზე მიღებული გადაწყვეტილებით, 2027 წელს NEIWA-ს გენერალურ ასამბლეას საქართველო უმასპინძლებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები