მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ გამოვიდა საქართველო OECD-ს ანტიკორუფციული ქსელის მონიტორინგიდან? - სანდრო ქევხიშვილის შეფასება

64a04cd32ecf8
სალომე ხიდურელი
01.07.23 20:49
672
„ეს არის კიდევ ერთი გადაწყვეტილება, რომლითაც მთავრობამ საქართველოს დემოკრატიული და ევროპული ქვეყნებისგან იზოლაციისკენ გადადგა“ - ასე აფასებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ პროგრამის მენეჯერი სანდრო ქევხიშვილი საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებას, 20 წლის შემდეგ პირველად „ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD)“ ანტიკორუფციული ქსელის მონიტორინგში მონაწილეობა არ მიიღოს.

როგორც ქევხიშვილმა BMGTV-ს გადაცემა „ანალიტიკაში“ განმარტა, საუბარია 38 განვითარებული და დემოკრატიული სახელმწიფოსაგან შემდგარ საერთაშორისო ორგანიზაციაზე, რომელიც ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებს, სხვა დახმარებებთან ერთად, კორუფციის დაძლევაში ეხმარება.

ელენე კვანჭილაშვილის საავტორო გადაცემა „ანალიტიკას“ სტუმარი ხელისუფლების ამ გადაწყვეტილების შესაძლო მიზეზებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ხელისუფლებისთვის, მონიტორინგის მეთოდოლოგიის ცვლილებაა.

„ორგანიზაციამ შეფასების მეთოდოლოგია ორი წლის წინ შეცვალა და გააუმჯობესა. ჩათვალეთ, ის საუკეთესოა ნებისმიერ ქვეყანაში კორუფციის დონის შესაფასებლად. ორი წლის წინვე დაიდო პირველი საპილოტე შეფასება, რომელშიც დასაბუთებული იყო ქვეყანაში მთავარი პრობლემები: მიტაცებული სასამართლო, პოლიტიკურად დამორჩილებული პროკურატურა, მაღალი დონის კორუფცია... როგორც ჩანს, ამან სერიოზული პრობლემები გამოიწვია მთავრობაში, რადგან ანგარიშში პირდაპირ, დასაბუთებულად იყო აღწერილი ქვეყნის პრობლემები. ეს გადაწყვეტილებაც, რეალურად, პრობლემებისგან გაქცევის მცდელობაა“, - ამბობს სანდრო ქევხიშვილი.

კითხვაზე, რა არის საქართველოსთვის შემდეგი ნაბიჯი, რომელიც ამ გადაწყვეტილებას მოსდევს და როგორ იმოქმედებს კერძო სექტორი, სანდრო ქევხიშვილი განმარტავს, რომ ამ ეტაპზე მოქმედებას საქართველოს ანტიკორუფციული ბიუროსგან ელიან.

„ძალიან მნიშვნელოვანია ანტიკორუფციული ბიუროს პოზიცია, რომელიც ევროკავშირის მოწოდებით შეიქმნა. სწორედ ეს ბიუროა ქვეყანაში კორუფციაზე პასუხისმგებელი და მასვე ევალება კორუფციის დაძლევის სტრატეგიის შემუშავება, რომელიც უკვე 3 წელია, არ გვქონია. ამიტომ, ახალი ბიურო ახლა ძალიან უნდა იყოს დაინტერესებული, რომ ასეთი სანდო და ავტორიტეტული საერთაშორისო შემოწმებები ჩატარდეს. მნიშვნელოვანია იმის გაგება, ეთანხმებიან თუ არა ისინი მთავრობის გადაწყვეტილებას, რადგან, თეორიულად, ეს ბიურო დამოუკიდებელია“, - ამბობს სანდრო ქევხიშვილი.

ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტმა „ანტიკორუფციული ბიუროს“ შექმნა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად ევროკომისიის 12-პუნქტიანი რეკომენდაციის მე-4 პუნქტის შესასრულებლად 2022 წელს დააანონსა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები