მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია" - TI ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს

TI

"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო" (TI) ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებს. ამის შესახებ BMGTV-ის გადაცემა "ანალიტიკაში" TI-ის საპარლამენტო მდივანმა, ლიკა საჯაიამ განაცხადა.

საქმე ისაა, რომ ანტიკორუფციულმა ბიურომ "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური და "აირჩიე ევროპას" დამფუძნებლები განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად ცნო. როგორც ანტიკორუფციული ბიუროს უფროსმა, რაჟდენ კუპრაშვილმა 24 სექტემბერს, ბრიფინგზე განაცხადა, მათ ბიუროსთვის ფინანსური ანგარიშების წარდგენისთვის 5 დღე მიეცათ.

ლიკა საჯაია ამბობს, რომ მოთხოვნილია ორგანიზაციის და ეკა გიგაურის მონაცემები. მისი შეფასებით, ამ გადაწყვეტილებაზე ლოგიკური სამართლებრივი პასუხის პოვნა რთულია, ვინაიდან ანტიკორუფციულ ბიუროს ხელისუფლება პარტიული მიზნებისთვის იყენებს.

"ჩვენ ვაპირებთ ამ გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრებას იმიტომ, რომ ეს არის აბსოლუტურად ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს მოკლებული გადაწყვეტილება და ვფიქრობთ, რომ ყველა სამართლებრივი გზა უნდა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ ეს უკანონო მოთხოვნა არ შესრულდეს.

ეს ნამდვილად ისეთი ნორმა და ჩანაწერია კანონში, რომ მე ვიტყოდი, პირველკურსელ იურისტსაც არ გაუჭირდება, რომ კანონის ტექსტი სწორად წაიკითხოს. ანტიკორუფციულ ბიუროს, რომელიც დამოუკიდებელი ინსტიტუტი უნდა იყოს, ხელისუფლება პარტიული მიზნებისთვის იყენებს და რეალურად აღარ დაგვრჩა ქვეყანაში დამოუკიდებელი ინსტიტუცია. კორუფციის ყველაზე მაღალი დონე სწორედ სახელმწიფოს მიტაცებაა, როცა ინსტიტუციები პირდაპირ სახელმწიფოს დავალებას ასრულებენ. ყველამ ვიცით, რომ ეს პარტიული დავალება ისაა, რომ არჩევნებზე, რომელიც ძალიან მალე იქნება, რაც შეიძლება ნაკლები დამკვირვებელი იყოს. ჩვენი მიზანი კი აბსოლუტურად სხვაა, რომ სამოქალაქო ორგანიზაციებმა თავისი ფუნქციის შესრულება შეძლოს და ქართველმა ხალხმა თავისი არჩევანის გაკეთება შეძლოს",- განაცხადა ლიკა საჯაიამ.

შეგახსენებთ, ანტიკორუფციულმა ბიურომ სამოქალაქო მოძრაობა "აირჩიე ევროპას" დამფუძნებლებისა და "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" დირექტორის შესახებ ფინანსური ინფორმაციის მიღების თხოვნით საქალაქო სასამართლოს 6 სექტემბერს მიმართა. მოსამართლემ მოთხოვნა იმავე დღეს, მოსმენის გარეშე დააკმაყოფილა და ბიუროს დართო უფლება ბანკებს მოსთხოვოს ინფორმაცია სამოქალაქო მოძრაობისა და მისი დამფუძნებლების შესახებ. ანუ, კანონი პარტიების შესახებ გავრცელდა არა მხოლოდ სამოქალაქო მოძრაობაზე, არამედ ფიზიკურ პირებსა და მათ პირად საბანკო ინფორმაციაზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები