ანტიკორუფციულმა ბიურომ "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური და "აირჩიე ევროპა"-ს თანადამფუძნებლები: ხათუნა ლაგაზიძე, სოფიკო ჭყონია, ნიკოლოზ შურღაია, გიორგი რუხაძე, შალვა ძებისაშვილი, გიორგი პაპელიშვილი, ლელა ჯეჯელავა, გიორგი თაქთაქიშვილი და ივა ჭყონია - განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად ცნო და ბიუროსთვის ფინანსური ანგარიშების წარდგენისთვის 5 დღე მისცა. ამის შესახებ ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის, რაჟდენ კუპრაშვილის ბრიფინგიდან გახდა ცნობილი.
"მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო" და მისი აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური, როგორ უშუალოდ, ასევე კამპანია "ჩემი ხმა ევროკავშირს"-ის ფარგლებში, აქტიურად არიან ჩართული წინასაარჩევნო კამპანიაში, რომელიც მიზნად ისახავს როგორც კონკრეტული პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერას, ასევე კონკრეტული პოლიტიკური პარტიის მხარდაჭერისგან თავის შეკავების მოწოდებებს...
მონიტორინგის შედეგად ასევე გამოვლინდა, რომ "აირჩიე ევროპა", მისი დირექტორი ხათუნა ლაგაზიძე და გამგეობის წევრები, აქტიურად არიან ჩართული წინასაარჩევნო პოლიტიკურ პროცესებში, რომლებიც ემსახურება კონკრეტული პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერას ან მხარდაჭერისგან თავის შეკავების მიზანს", - ამბობს კუპრაშვილი.
მისი განცხადებით, "აირჩიე ევროპას" მიერ ჩატარებული პრეზენტაციების, რეგიონებში მოსახლეობასთან შეხვედრების, კონცერტების, ვიდეორგოლების დამზადება-გავრცელების ხარჯები ₾100000-ს აღემატება.
"ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებით, "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო", მისი აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური, "აირჩიე ევროპა", მისი დირექტორი და დამფუძნებლები, ვალდებულნი არიან, 5 დღის ვადაში, კანონით დადგენილი წესით, ბიუროს წარუდგინონ გადაწყვეტილებით დადგენილი საანგარიშო პერიოდის შესაბამისი ფინანსური ანგარიშები. ასევე გახსნან და წარადგინონ ინფორმაცია იმ საბანკო ანგარიშების რეკვიზიტების შესახებ, რომლებიც გამოიყენება მათ საარჩევნო მიზნებთან დაკავშირებული შემოსავლებისა და ხარჯებისთვის", - ნათქვამია რაჟდენ კუპრაშვილის განცხადებაში.
ანტიკორუფციულმა ბიურომ სამოქალაქო მოძრაობა "აირჩიე ევროპას" დამფუძნებლებისა და "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" დირექტორის შესახებ ფინანსური ინფორმაციის მიღების თხოვნით საქალაქო სასამართლოს 6 სექტემბერს მიმართა. მოსამართლემ მოთხოვნა იმავე დღეს, მოსმენის გარეშე დააკმაყოფილა და ბიუროს დართო უფლება ბანკებს მოსთხოვოს ინფორმაცია სამოქალაქო მოძრაობისა და მისი დამფუძნებლების შესახებ. ანუ, კანონი პარტიების შესახებ გავრცელდა არა მხოლოდ სამოქალაქო მოძრაობაზე, არამედ ფზიკურ პირებსა და მათ პირად საბანკო ინფორმაციაზე.
ივა ჭყონია: ჩრდილოეთ კორეის მოდელზე გადავდივართ - ანტიკორუფციული ბიურო VS "აირჩიე ევროპა"