ანტიკორუფციულ ბიუროს სამოქალაქო მოძრაობის „აირჩიე ევროპა“ დამფუძნებლებისა და ფიზიკური პირების პირად მონაცემებსა და საბანკო ინფორმაციაზე წვდომის უფლება გასულ კვირას მიენიჭა.
BMGtv-ის გადაცემაში "ანალიტიკა" მოძრაობის ერთ-ერთი დამფუძნებელი, ნიკა შურღაია ამბობს, რომ მიზანი იმ აქტორების გაჩუმებაა, რომლებსაც ხელისუფლების მაღალ შტოებში არსებულ კორუფციასა და სხვა გადაცდომებზე საუბარი ხმამაღლა შეუძლიათ.
"ჩემი პირადი აზრია, რომ ეს კანონის არასწორი წაკითხვაა და არა, არასწორი კანონი. კანონით, ჩვენ მათი მონიტორინგის სუბიექტიც არ უნდა ვიყოთ.
რაც ეხება იმას, რა ხდება დღეს, ჩვენ გასულ კვირას ვიყავით რუსთავში, თანაგუნდელებთან ერთად სადაც მოსახლეობას მოვუწოდეთ მივიდეს არჩევნებზე და აირჩიოს ევროპა. რადგან, 26 ოქტომბერი არის რეფერენდუმი რუსეთსა და ევროპას შორის. რეფერენდუმი, სადაც ხალხმა უნდა აირჩიოს პარტია, რომელიც მართლა ევროპისკენ მიდის და არა, ფარისევლურად.
დიდი სურათი უნდა დავინახოთ, სად მივდივართ. ერთია, რომ ჩვენ გვავიწროვებენ. პირდაპირ ვამბობ, არაფრის, მათ შორის არც სიკვდილის მეშინია, მაგრამ ვფრთხილობ, რადგან ბევრი რამის მოსწრება მინდა. ახლა, არაფერია ისეთი საშიში და ხალხმა მინდა ეს იცოდეს, ესენი გააკეთებენ იმას, რაც გაუვათ. ახლა, ჩაიხედავენ ჩემს ანგარიშში რაც ძალიან ცუდი პრეცედენტია, მაგრამ ამისთვის სამართლებრივ პასუხს შემდეგ, სხვა დროს მოვთხოვთ.
ახლა კი, მთავარი პრობლემა არის ის რომ ყველა რგოლი: სამართალდამცველები, პოლიცია, პროკურატურა, სასამართლო, ანტიკორუფციული ბიურო, ყველა ყველაფერს იძიებს გარდა იმისა, რაც ევალებათ. გარდა იმისა, რა გადაცდომები და დანაშაულიც საჯარო მოხელეებს აქვთ. სახელმწიფო მოხელეების და ვიწრო ზედა რგოლის დანაშაულზე არავინ რჩება პასუხის გამცემი. მათ კი, სძულთ ყველა, ვინც შეიძლება მათ წინააღმდეგ ხმა აიმაღლოს. "რუსული კანონიც" ამის პირდაპირი გამოვლენაა, რომ ჩამოიცილონ ოპონენტები, რომლებსაც ფულის რამე წყარო გააჩნიათ", - განაცხადა შურღაიამ "ანალიტიკაში".
თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა ანტიკორუფციული ბიუროს შუამდგომლობა და უფლება მისცა უწყებას, ორგანიზაცია „აირჩიე ევროპისა” და მისი დამფუძნებლების შესახებ ინფორმაცია ბანკებიდან გამოითხოვოს. გადაწყვეტილება მოძრაობამ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.
არასამთავრობო ორგანიზაცია GDI-ის შეფასებით, „ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილება, „ქართული ოცნების” ხელისუფლებიდან წასვლის შესახებ განცხადებების გამო დაიწყოს სამოქალაქო მოძრაობისა და მისი დამფუძნებლების პირადი ფინანსური ანგარიშების შემოწმება, არის სრულად უკანონო და წარმოადგენს გამოხატვის თავისუფლების ხელყოფის უხეშ და უპრეცედენტო შემთხვევას”.
ანტიკორუფციული ბიუროს მანდატს განეკუთვნება:
- მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების (პოლიტიკური პარტიის),
- საარჩევნო სუბიექტისა და
- გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე პირის ფინანსური საქმიანობის მონიტორინგი და ამ სფეროსთან დაკავშირებული სხვა სათანადო ღონისძიებები.
არც ერთ ზემოთ ჩამოთვლილ კრიტერიუმში "აირჩიე ევროპა" არ ჯდება, თუმცა ბიუროს არგუმენტია, რომ მოძრაობა კონკრეტული პოლიტიკური პარტიის წინააღმდეგაა შექმნილი. შესაბამისად, მას პოლიტიკური განზრახვა აქვს.
„აირჩიე ევროპა“ აცხადებდა, რომ 26 ოქტომბრამდე შეეცდებოდა არჩევნებზე პროდასავლური ამომრჩევლის მაქსიმალურ მობილიზებას. „კამპანიის სახელწოდება იქნება 100 დღე გამარჯვებამდე, რაშიც ჩართული იქნება საქართველოსა და მთელ მსოფლიოში მცხოვრები ქართველები“, – თქვა მოძრაობის თანადამფუძნებელმა ხათუნა ლაგაზიძემ პრეზენტაციაზე. სამოქალაქო მოძრაობის დაფუძნების ცერემონიაზე დამსწრეებს მიმართეს რეჟისორმა ლანა ღოღობერიძემ, მუსიკოსმა ნიკოლოზ რაჭველმა, მხატვარმა გოგი-ალექსი მესხიშვილმა, ქორეოგრაფმა ნინო სუხიშვილმა, რეჟისორმა ლევან წულაძემ, მუსიკოსმა ნინო ქათამაძემ და სხვებმა.