ანტიკორუფციული ბიურო 2024 წლის განმავლობაში 300 საჯარო მოხელის ქონებრივ დეკლარაციას შეისწავლის.
ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის თქმით, ეს არა ბიუროს გადაწყვეტილება, არამედ ვალდებულებაა. მისივე თქმით, ის მომავალ დეკლარაციას "უფრო მობილიზებული და ყურადღებით" შეავსებს.
„ანტიკორუფციულმა ბიურომ გადაწყვიტა კი არა, მაგის ფუნქციაა, რომ შერჩევით თანამდებობის პირების დეკლარაციები შეისწავლოს. ეს არ არის ჩვენთვის სიახლე, ყოველ წელს ხდება ჩვენი დეკლარაციების შესწავლა. წინა წელსაც მოხდა, იმის წინა წელსაც, ჩემი დეკლარაციის, მაგალითად და არაფერი განსაკუთრებული ამ მიმართულებით არ ხდება. ცოტა ვერ ვხვდები, ჩემი დეკლარაცია ჯერ არ შემივსია და წინა წელს რომ შევავსე, ის უკვე შეისწავლა, ახლა რომ შევავსებ, მერე შეისწავლის? უფრო მობილიზებული და ყურადღებით შევავსებ“, - განაცხადა აზარაშვილმა.