მომავალ წელს ანტიკორუფციულ ბიუროს დაფინანსება გაეზრდება. ამას 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის პირველადი ვერსია ითვალისწინებს, რომელიც პარლამენტს უკვე წარედგინა.
კერძოდ, 2025 წელს ანტიკორუფციული ბიუროსთვის 11.5 მლნ ლარია გათვალისწინებული, რაც 2024 წლის გეგმას 3 მლნ ლარით აჭარბებს.
ანტიკორუფციული ბიურო, რომლის ამოცანაც კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ხელშეწყობაა, 2022 წლის ბოლოს შეიქმნა. მმართველმა პარტიამ ახალი სსიპ-ის შექმნა ევროკომისიის 12-პუნქტიანი გეგმის შესრულების მოტივით დაასაბუთა.
ბიუროს საქმიანობის ძირითადი მიმართულებაა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ზოგადი პოლიტიკის განსაზღვრა, ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება და შესრულების მონიტორინგი, საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობის თავიდან აცილების, გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით, შესაბამისი წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება და ა.შ. ასევე, მისი პასუხისმგებლობაა, უზრუნველყოფს თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარირებას, მონიტორინგსა და საჯაროობას. ანტიკორუფციული ბიუროს მანდატში შედის პოლიტიკური პარტიების, საარჩევნო სუბიექტისა და განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე პირთა ფინანსური საქმიანობის მონიტორინგიც, რომელიც სახელმწიფო აუდიტის სამსახურისგან გადაიბარა.
ბიუროს 2023 წლის 10 თებერვლიდან დღემდე რაჟდენ კუპრაშვილი ხელმძღვანელობს, რომელიც მანამდე სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი იყო.
ფორმა, რომლითაც ანტიკორუფციული ბიურო ჩამოყალიბდა, ასევე ის ფაქტი, რომ მის ხელმძღვანელს პრემიერ-მინისტრი ნიშნავს, თავიდანვე გახდა კრიტიკის საგანი, როგორც ბიუროს რეალური დამოუკიდებლობისთვის ხელის შემშლელი ფაქტორი.
ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელი, რომელსაც საკუთარ სიმართლეში ეჭვი არ ეპარება, ყურადღების ცენტრში ბოლო დროს მიღებული სადავო გადაწყვეტილებით მოექცა. მან 24 სექტემბერს, "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო", მისი აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური და "აირჩიე ევროპას" დამფუძნებლები განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად ცნო. ამას წინ ორგანიზაციების მონიტორინგი უძღოდა. ბიურომ "აირჩიე ევროპას" დამფუძნებლებისა და TI-ის დირექტორის შესახებ ფინანსური ინფორმაციის მიღების თხოვნით საქალაქო სასამართლოს 6 სექტემბერს მიმართა. მოსამართლემ მოთხოვნა იმავე დღეს, მოსმენის გარეშე დააკმაყოფილა და ბიუროს დართო უფლება ბანკებს მოსთხოვოს ინფორმაცია სამოქალაქო მოძრაობისა და მისი დამფუძნებლების შესახებ. ორგანიზაციებმა გადაწყვეტილება გაასაჩივრეს, თუმცა როგორც TI-ში აცხადებენ, თბილისის საქალაქო სასამართლომ არ შეაჩერა რაჟდენ კუპრაშვილის გადაწყვეტილება, რის გამოც არჩევნებს ვერ დააკვირდებიან.
ამასთან დღეს, 1-ელ ოქტომბერს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საკითხზე განცხადება გაავრცელა, რომლითაც ბიუროს გადაწყვეტილების გადახედვისკენ მოუწოდებს. „მიზანშეწონილად მიმაჩნია, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციის სტატუსი მოეხსნას“,- ნათქვამია პრემიერის განცხადებაში.