ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის განცხადებით, საქართველოში ძალიან ბევრი კეთილსინდისიერი თანამდებობის პირია, რომელიც ქონებრივ დეკლარაციებს ავსებს. ასე უპასუხა რაჟდენ კუპრაშვილმა ბიუროში გამართულ პრესკონფერენციაზე BMG-ის შეკითხვას, ქონებრივი დეკლარაციის შევსების მონიტორინგის ფარგლებში ვლინდება თუ არა დარღვევები და რამდენად ხშირია კორუფციის ნიშნები.
საქმე ის არის, რომ "კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებების შედეგად, 2024 წლის 09 სექტემბრიდან თანამდებობის პირების მიერ წარდგენილი ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების შემოწმებისა და გამოქვეყნების პირობები შეიცვალა. კანონის ამოქმედებამდე საჯარო მოხელეების დეკლარაციები შევსებიდან 48 საათში ქვეყნდებოდა ანტიკორუფციული ბიუროს ვებგვერდზე. ცვლილებების შედეგად კი შესაძლოა, ორი თვეც არ გამოქვეყნდეს, ვინაიდან 9 სექტემბერს ამოქმედებული ცვლილების თანახმად, თუ თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია ხარვეზს შეიცავს, ანტიკორუფციული ბიურო შესაბამის პირს ამ დეკლარაციის წარდგენიდან 1-თვიან პერიოდში მიუთითებს აღნიშნულ ხარვეზზე და მის აღმოსაფხვრელად 1-თვიან ვადას განუსაზღვრავს.
რაჟდენ კუპრაშვილმა განმარტა, რომ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ კანონში შესულმა ცვლილებებმა, კანონმდებლობა მხოლოდ დახვეწა, თუმცა კითხვას, გამოვლინდა თუ არა კორუფციული ნიშნები, არ უპასუხა.
„თამამად და სიამაყით მინდა გითხრათ, რომ დღეს 7 000 ადამიანი ავსებს ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციებს. საქართველოში ძალიან ბევრი კეთილსინდისიერი თანამდებობის პირი ჰყავს. იმის გამო რომ სისტემას არ ჰქონდა პრევენციის მექანიზმი, რომ შეცდომებისგან გადაზღვეულიყო, ვიღებდით რას? - ვაჯარიმებდით თანამდებობის პირებს იმის გამო, რომ ქონება ან თვითონ გამორჩა, ან სისტემამ ვერ ასახა.
რაც შეეხება კორუფციულ ფაქტებს, თქვენ იცით, რომ ანტიკორუფციული ბიუროს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მანდატი გახლავთ ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიის შექმნა და მისი მართვა. ამ პროცესში ჩვენ ბევრ სისტემურ პროცესს ვამოწმებთ ხომ არ გვაქვს სისუსტეები, რომელიც გარკვეულ პირებს შესაძლებლობას მისცემს კორუფციული ფაქტების დაფიქსირდეს“, - განაცხადა რაჟდენ კუპრაშვილმა.