მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ვებგვერდს აქვს ტექნიკური ხარვეზი" - რაჟდენ კუპრაშვილი კვლავ ვერ ამბობს, როდის აღდგება დეკლარაციებზე წვდომა

რაჟდენ კუპრაშვილი

2024 წლის დეკემბრიდან თანამდებობის პირების ქონებრივი დეკლარაციები საჯაროდ ხელმისაწვდომი აღარაა. ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელი, რაჟდენ კუპრაშვილი ამის მიზეზად კვლავ ტექნიკურ ხარვეზს ასახელებს.

მან "სტუდია მონიტორთან" საუბრისას ვერ დაასახელა როდის აღდგება ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა.

"ვებგვერდს ტექნიკური ხარვეზი აქვს და სწორდება. [დეკლარაციები ხელმისაწვდომი გახდება] როცა სამუშაოები დასრულდება. [როდის დასრულდება] დაახლოებითი პროგნოზი გვაქვს, ვნახოთ. როცა გამოსწორდება ხარვეზი, გამოსწორდება", - ამბობს რაჟდენ კუპრაშვილი.

აღსანიშნავია, რომ უწყება არც მედიების მიერ საჯარო ინფორმაციის სახით გამოთხოვის შემთხვევაში ასაჯაროებს დეკლარაციებს. მათ შორის BMG-ის შესაბამისი წერილები ანტიკორუფციულმა ბიურომ უპასუხოდ დატოვა.

"სტუდია მონიტორის" კითხვას, თუ რატომ არ აწვდის უწყება საჯაროდ გამოთხოვილ ინფორმაციას, რაჟდენ კუპრაშვილმა ასე უპასუხა: "დეკლარაციები საჯაროდ ხელმისაწვდომია. რაც შეეხება ვებგვერდზე მის განთავსებას, ვებგვერდს აქვს ტექნიკური ხარვეზი, რაზეც ჯგუფი მუშაობს, გამოსწორდება და ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდება".

2024 წლის დეკემბრის დასაწყისიდან ანტიკორუფციული ბიუროს ვებგვერდზე თანამდებობის პირების ქონებრივი დეკლარაციების ნახვა შეუძლებელია. თებერვალში რაჟდენ კუპრაშვილმა "ტვ პირველს" უთხრა, რომ საიტს ტექნიკური ხარვეზი აქვს და საჯარო მოხელეების დეკლარაციებზე წვდომა არ ჩაკეტილა. ამის შემდეგ bm.ge-მ ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილს ჰკითხა, იყო თუ არა საქმის კურსში, რაზეც ლევან დავითაშვილმა თქვა, რომ ინფორმირებული არ იყო და ანტიკორუფციული ბიუროს დახმარების მზადყოფნა გამოთქვა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები