„ოცნების“ ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი მზად არის ანტიკორუფციულ ბიუროს დაეხმაროს, რათა თანამდებობის პირების ქონებრივი დეკლარაციები გასაჯაროვდეს. ამის შესახებ მან bm.ge-ის კითხვის საპასუხოდ განუცხადა.
კითხვას - არის თუ არა ვიცე-პრემიერი საქმის კურსში იმის შესახებ, რომ ქონებრივი დეკლარაციები რამდენიმე თვეა არ ქვეყნდება, ამის მიზეზად კი უწყებაში ტექნიკურ შეფერხებას ასახელებენ, ლევან დავითაშვილმა უპასუხა, რომ საქმის კურსში არ არის. „თუ ბატონ რაჟდენს დახმარება სჭირდება ჩვენგან, მზად ვართ“.
- ქონებრივი დეკლარაციები სულ საჯარო იყო. ჩვენ საჯაროობის მაღალი სტანდარტი გვაქვს. მაღალი სტანდარტი შენარჩუნებულია და შენარჩუნდება, იმიტომ რომ ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია ნებისმიერ თანამდებობის პირზე მიიღოს სრული ინფორმაცია.
- სამი თვეა ვითხოვთ საჯარო ინფორმაციის სახით და არ მოგვდის...
- მოითხოვეთ და მოგეწოდებათ..
- არ მოგვდის, პირადი მაგალითით გეუბნებით
- მოვიკითხავ, არ ვიცი ბოლომდე რა ტიპის შეფერხებაა.
- თუმცა მზად ხართ პროფესიონალები დაახმაროთ?
- სახელმწიფო რესურსებს ჩვენ ამ საქმისთვის არ დავიშურებთ
ცნობისთვის: ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი, რაჟდენ კუპრაშვილი ამბობს, რომ უწყების საიტს ტექნიკური ხარვეზი აქვს და საჯარო მოხელეების დეკლარაციებზე წვდომა არ ჩაკეტილა. მან ამის შესახებ "ტვ პირველს" განუცხადა.
საქმე ისაა, რომ 2024 წლის დეკემბრიდან საზოგადოებას თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციების ვებგვერდზე წვდომა აღარ აქვს.




























