"მონიტორინგი გაიარა ყველამ - გრიგოლ ლილუაშვილმაც, ვახტანგ გომელაურმაც, ირაკლი ღარიბაშვილმაც და არანაირი დარღვევა არ არის გამოვლენილი" - ამის შესახებ ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელმა, რაჟდენ კუპრაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
"ყოველწლიურად გადის ეს ხალხი მონიტორინგს, მათ დეკლარაციებში არანაირი დარღვევები არ არის და სრულ თანხვედრაში მოდის", - დასძინა კუპრაშვილმა.
დამაზუსტებელ კითხვაზე, გამოავლინა თუ არა ბიურომ დარღვევა პატიმრობაში მყოფი რომეო მიქაუტაძის დეკლარაციაში, კუპრაშვილი პასუხობს, რომ გამოავლინა.
"კი, კი. როდის ჩავაყენე საქმის კურსში [საგამოძიებო უწყებები], როდის იყო ეს, მე არ მინდა კონკრეტულ ქეისთან დაკავშირებით...
[ქონებრივი დეკლარაციების შესწავლა] 2023 წლის მაისიდან გადმოვიდა ანტიკორუფციული ბიუროს მანდატში. 2023 წლის მონიტორინგში მოხვდა ბატონი რომეო მიქაუტაძე და ჩვენი მხრიდან, უარყოფითად იქნა შეფასებული მისი ქონებრივი დეკლარაცია. ეს არის მოცემულობა. ახლა, ვის როდის და როგორ შევატყობინე...
მე მაქვს ის ინფორმაცია, რაც ჩვენი საქმიანობიდან გამომდინარე ჩვენთვის ხდება ცნობილი", - განაცხადა კუპრაშვილმა.
ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელმა კითხვაზე, შეისწავლეს თუ არა თორნიკე რიჟვაძის დეკლარაცია, უპასუხა, რომ "ასე ზეპირად არ მახსოვს".
რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს, კუპრაშვილი აცხადებს, რომ როდესაც საპარლამენტო არჩევნები დაიწყო, ივანიშვილმა კანონის შესაბამისად წარადგინა ქონებრივი დეკლარაცია და მის მიერ ვალდებულება შესრულებულია.
„ბატონი ბიძინა ივანიშვილის მხრიდან კანონის შესაბამისად იყო წარმოდგენილი ქონებრივი დეკლარაცია, როცა საპარლამენტო არჩევნები დაიწყო და ეს ვალდებულება მისი მხრიდან შესრულდა. რაც შეეხება მონიტორინგს, არ მოხვედრილა მონიტორინგში,“ - განაცხადა კუპრაშვილმა.
ჟურნალისტებმა კუპრაშვილს ჰკითხეს კომენტარი პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე, სადაც მან მმართველი პარტიის შიგნით კორუფციულ შემთხვევებზე მიანიშნა. ბიუროს ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ არ იცის, ვის შეიძლება გულისხმობდეს პრემიერი.
„ბატონმა პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა ის, რაზეც მას აქვს კომპეტენტური უწყებებისგან შესაბამისი ინფორმაცია. მე მეტის თქმის საშუალება არ მაქვს. ჩვენი ანგარიშები ყველასათვის ხელმისაწვდომია, მათ შორის, სახელმწიფო თანამდებობის პირებისთვის და სახელმწიფო უწყებებისთვის. ანტიკორუფციული ბიუროს საქმიანობის შესახებ ანგარიშები ყოველწლიურად ქვეყნდება და ჩვენი მიგნებები, გამოვლენები, მათ შორის, პოლიტიკური კორუფცია, ხვდება იქ,“ — განაცხადა კუპრაშვილმა.




























