2026 წლის 2 მარტიდან ანტიკორუფციული ბიურო სრულად უქმდება, ხოლო მისი ფუნქციები სახელმწიფო აუდიტის სამსახურს გადაეცემა - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
პაპუაშვილმა თქვა, რომ არსებული ფორმით ანტიკორუფციული ბიუროს არსებობა "გარედან თავსმოხვეული მოდელი" იყო.
შეგახსენებთ, ანტიკორუფციული ბიურო 2022 წლის 15 დეკემბერს „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე შეიქმნა, ბიურო შეიქმნა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის საქართველოსთვის მისანიჭებლად, ევროკომისიის მიერ განსაზღვრული მე-4 პრიორიტეტული ამოცანის საფუძველზე.
„ჩვენი მიზანია მმართველობის სისტემის კონსტიტუციური ჩარჩოს გამყარება და სახელმწიფო რესურსების ოპტიმიზაცია. კორუფციასთან ბრძოლა ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. ბოლო პერიოდში ამ მიმართულებით მთელი რიგი მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა. პროცესში ჩართულია მთავრობის ადმინისტრაციის ეფექტიანობის დეპარტამენტი, სახელმწიფო აუდიტის სამსახური, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო, პროკურატურა,“ - განაცხადა პაპუაშვილმა.
მისივე განმარტებით, ანტიკორუფციულ ბიუროს დღეს ძირითადად თანამდებობის პირების, პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების დეკლარაციების მონიტორინგისა და შეგროვების ფუნქცია აკისრია, ხოლო მმართველობასთან შეთანხმებული ხედვის მიხედვით, აღნიშნული კომპონენტი უფრო ეფექტიანად მოერგება სახელმწიფო აუდიტის სამსახურის კონსტიტუციურ ჩარჩოს, როგორც „უფრო მაღალ და დამოუკიდებელ ორგანოს“.
რაჟდენ კუპრაშვილი თანამდებობას ბიუროს შექმნის დღიდან იკავებს.
გასულ კვირას გავრცელდა ინფორმაცია, რომ კუპრაშვილმა თანამდებობა დატოვა, რის საპასუხოდაც მან მედიასთან თქვა: "სანამ ეს უწყება იარსებებს, მისი ხელმძღვანელი მე ვიქნები".




























