მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ანტიკორუფციული ფუნქციები გადანაწილებული იქნება სხვადასხვა უწყებაზე, ასე უფრო სწორად მართული იქნება კორუფციასთან ბრძოლა - კობახიძე

კობახიძე

"ანტიკორუფციული ფუნქციები მომავალშიც გადანაწილებული იქნება სხვადასხვა უწყებაზე, ეს არის - სუსი, პროკურატურა, აუდიტის სამსახური, მთავრობა თავისი სტრუქტურებით და ასე იქნება უფრო სწორად მართული ის პროცესები, რომლებიც უკავშირდება კორუფციასთან ბრძოლას, - ასე გამოეხმაურა პრემიერი ირაკლი კობახიძე ანტიკორუფციული ბიუროს გაუქმების საკითხს.

კობახიძის თქმითვე, თავის დროზე იყო მოთხოვნა, ანტიკორუფციული ფუნქციების თავმოყრა მომხდარიყო ერთ ხელში, რაც თავისთავად აბსურდული მოთხოვნა იყო, ვინაიდან ქვეყანაში არსებული კონსტიტუციური სისტემის თანახმად, ანტიკორუფციული ფუნქციები გადანაწილებულია რამდენიმე კონსტიტუციურ ორგანოზე.

„რეალურად, ჩვენი კონსტიტუციური წესრიგის თანახმად, აბსოლუტურად ლოგიკურად არის გადანაწილებული ეს ფუნქციები. ასეთ პირობებში, ერთ სუბიექტში ამის თავმოყრა იყო თავისთავად უკვე აბსურდი. რადგან ეს მოთხოვნა იყო, შეიქმნა ერთი კონკრეტული სააგენტო, ანტიკორუფციული ბიურო, სადაც მოხდა რაღაც ფრაგმენტების თავმოყრა - ეს არის საჯარო მოხელეთა დეკლარაციები, ამას დაემატა პოლიტიკური პარტიები და არასამთავრობო ორგანიზაციები. ეს იყო არსებითად ანტიკორუფციული ბიუროს ფუნქციები. შემდეგ ამას მოჰყვა მთელი ქილიკი. იგივე ადამიანები, ვინც ახლა ამ გადაწყვეტილებას აკრიტიკებენ, აქილიკებდნენ ანტიკორუფციულ ბიუროს, რომ შეიქმნა ასეთი უწყება ასეთი სათაურით, ანტიკორუფციული ჰქვია და რეალურად დღემდე კორუფციის არც ერთი ფაქტი არ გამოუვლენია. როგორ უნდა გამოევლინა, როცა ეს 3 ძალიან ლოკალური ფუნქცია ჰქონდა ამ სამსახურს.

რეალურად ჩვენ გვაქვს კონსტიტუციური სისტემა, ანტიკორუფციული ფუნქციები მომავალშიც გადანაწილებული იქნება სხვადასხვა უწყებაზე. ეს არის - სუსი, პროკურატურა, აუდიტის სამსახური, საქართველოს მთავრობა თავისი სტრუქტურებით და ასე იქნება უფრო სწორად მართული ის პროცესები, რომლებიც უკავშირდება კორუფციასთან ბრძოლას“, - განაცხადა კობახიძემ აჭარის ტელევიზიის ეთერში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები