ანტიკორუფციული ბიუროს უფროსმა რაჟდენ კუპრაშვილმა ბიუროს 2023 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა. ბიუროს უფროსმა გამოსვლისას აღნიშნა, რომ დამოუკიდებელი და მრავალფუნქციური უწყების შექმნამ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისათვის, კოორდინირებული ღონისძიებების დაგეგმვისა და განხორციელების ეფექტიანი შესაძლებლობა გააჩინა.
„შექმნიდან ერთი წლის მანძილზე, ბიურომ არსებული ინსტიტუციური გამოცდილების, საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკების შესწავლის, აკადემიური წრეების წარმომადგენლებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ჩართულობის, საჯარო სექტორთან კომუნიკაციებისა და ასევე საერთაშორისო პარტნიორების ხელშეწყობით შეძლო მყარი ფუნდამენტის ჩაყრა ბიუროს წარმატებული სამომავლო საქმიანობისათვის“- აღნიშნა ბიუროს უფროსმა.
რაჟდენ კუპრაშვილმა ყურადღება გაამახვილა ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიისა და მისი განხორციელების სამოქმედო გეგმის შემუშავებაზე. მისი თქმით, ეფექტიანი სტრატეგიის დასახვისა და სამოქმედო გეგმის შემუშავების მიზნით, 2023 წელს ბიუროს მიერ შესწავლილ იქნა 15 ქვეყნის საუკეთესო პრაქტიკა, გაკეთდა სიტუაციური ანალიზი, გადამზადდა ბიუროს თანამშრომლები და დაიგეგმა სპეციალური სასწავლო პროგრამების შემუშავება, რომელიც საჯარო მოხელეებს მისცემს გეგმით დადგენილი აქტივობების შესრულებისათვის საჭირო ცოდნასა და კვალიფიკაციას.
ბიუროს უფროსი მამხილებლის ინსტიტუტის გაძლიერების საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ „აღნიშნულის უზრუნველყოფისათვის, ანტიკორუფციული ბიუროს წინადადებით, საქართველოს პარლამენტის მიერ მომზადდა საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც ითვალისწინებს მამხილებლისათვის უფასო იურიდიული დახმარების უზრუნველყოფასა და უფასო ფსიქოლოგიური დახმარების გაწევას".
ამასთან, რაჟდენ კუპრაშვილის თქმით, „ქვეყანა კანდიდატის სტატუსის მიღების პროცესში გადიოდა მნიშვნელოვან რეფორმებს და ერთ-ერთი რეფორმა ანტიკორუფციული ბიუროს ჩამოყალიბება გახლდათ. მნიშვნელოვანი იყო საქართველოს ანტიკორუფციული ბიურო გაგვეცნო ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისთვის, ასევე ევროპული ქვეყნების წარმომადგენლებისთვის წარგვედგინა საქართველოში განხორციელებული რეფორმის შინაარსი.“
როგორც ანტიკორუფციულ ბიუროში აცხადებენ, რაჟდენ კუპრაშვილმა წარადგინა სტატისტიკა წლის განმავლობაში შემოწმებული თანამდებობის პირების, დასრულებული მონიტორინგისა და დაჯარიმებულ პირთა რაოდენობების შესახებ. ასევე, ბიუროს უფროსმა დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა პოლიტიკური პარტიების დაფინანსების მონიტორინგის პროცესების სტატისტიკური მონაცემები.
bm.ge-მ ანტიკორუფციულ ბიუროს აღნიშნული სტატისტიკის მოწოდების მიზნით მიმართა, რომელსაც მკითხველს მოწოდებისთანავე შევთავაზებთ.
ანტიკორუფციული ბიუროს ანგარიშის წარდგენის ღონისძიებას საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, თბილისის მერი და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ.