მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ანტიკორუფციული ბიუროს შესახებ კანონში ცვლილებები არსებულ რეგულაციებს რიგი მიმართულებით აუარესებს - TI

ანტიკორუფციული

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოში აცხადებენ, რომ ევროკომისიის ანტიკორუფციული მოთხოვნების საპასუხოდ ინიცირებული საკანონმდებლო პაკეტი არ ითვალისწინებს ევროკომისიისა და ვენეციის კომისიის კრიტიკულად მნიშვნელოვან რეკომენდაციებს, რიგი მიმართულებით აუარესებს არსებულ რეგულაციებს და აჩენს კითხვებს კონსტიტუციასთან შესაბამისობის თაობაზე. ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ევროინტეგრაციის შემდგომ ეტაპზე და ევროკავშირთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები გახსნისთვის, ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 9 ნაბიჯის შესრულების დეტალურ ხედვაში წერია.

უნდა აღინიშნოს, რომ ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის ხელშეუხებლობის გარანტი საკანონმდებლო დონეზე განისაზღვრება. კანონპროექტი პარლამენტში გუშინ დარეგისტრირდა. კანონპროექტში აღნიშნულია, რომ ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი ხელშეუხებელი იქნება. ცვლილებების მიხედვით, ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა, დაკავება ან დაპატიმრება, მისი საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის, მანქანის ან პირადი გაჩხრეკა შეიძლება მხოლოდ საქართველოს პარლამენტის წინასწარი თანხმობით.

არასამთავრობო ორგანიზაციის შეფასებით, პროექტში არ არის გათვალისწინებული ანტიკორუფციული ბიუროს დამოუკიდებლობის და პოლიტიკური ნეიტრალიტეტის უზრუნველყოფა, ასევე მაღალი დონის კორუფციული შემთხვევების საგამოძიებო ფუნქციის ბიუროსთვის მინიჭება. დოკუმენტის მიხედვით, საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატების ინიცირებული ვერსიის დამტკიცება შეაფერხებს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს, რადგან ევროკომისიის მოთხოვნების უმნიშვნელოვანესი ნაწილი შეუსრულებელი დარჩება.

არასამთავრობო ორგანიზაცია ასევე წერს, რომ ინიცირებული ცვლილებები რიგ შემთხვევაში ისეთ დებულებებს ითვალისწინებს, რომლებიც არც ვენეციის კომისიის და არც ევროკომისიის რეკომენდაცია არ ყოფილა და აუარესებს არსებულ პრაქტიკას.

"გასული წლის დეკემბერში საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღო იმ დათქმით, რომ ქვეყანა შეასრულებს ევროკომისიის მიერ 2023 წლის 8 ნოემბერს გაცემულ რეკომენდაციებს 9 ძირითადი მიმართულებით, რომელთა შორის ერთ-ერთი აუცილებელი წინაპირობა ანტიკორუფციული რეფორმების გატარებაა.

ევროკავშირთან გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების ეტაპზე გადასასვლელად, ევროკომისია საქართველოს მთავრობას ანტიკორუფციული რეფორმების გატარებას ვენეციის კომისიის დასკვნის საფუძველზე სთხოვს.

ვენეციის კომისიამ ხარვეზები გამოავლინა ანტიკორუფციული ბიუროსთვის მინიჭებული დამოუკიდებლობის, ანგარიშვალდებულებისა და უფლებამოსილებების ნაწილში. კომისიის დასკვნით, ანტიკორუფციული ბიურო ვერ პასუხობს მაღალი დონის კორუფციის პრობლემის გადაჭრის გაცხადებულ მიზანს. ელიტური კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა ევროკომისიის კიდევ ერთი რეკომენდაციის – დეოლიგარქიზაციის მისაღწევად საჭირო კომპონენტიცაა", - წერია ხედვაში.

ევროკომისიის დათქმისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად საქართველოს მთავრობამ უნდა უზრუნველყოს:

  • ანტიკორუფციული ბიუროს დამოუკიდებლობა და პოლიტიკური ნეიტრალიტეტი: ბიუროს უფროსი უნდა დანიშნოს არა პრემიერ-მინისტრმა, არამედ საქართველოს პარლამენტმა კვალიფიციური უმრავლესობით ან მრავალპარტიული შეთანხმების საფუძველზე; ამასთან, ბიურო ანგარიშვალდებული უნდა იყოს მხოლოდ პარლამენტის წინაშე, რაც შემოთავაზებული ცვლილებებით არ არის გათვალისწინებული.
  • ანტიკორუფციული ბიუროსთვის მაღალი დონის კორუფციის შემთხვევების გამოძიების უფლებამოსილების გადაცემა, რაც ასევე უგულებელყოფილია ინიცირებულ პაკეტში.

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს პარლამენტს მოუწოდებს წარმოდგენილი სახით არ დაუჭიროს მხარი საკანონმდებლო ცვლილებების ამ პაკეტს, მოამზადოს ვენეციის კომისიისა და ევროკომისიის მოთხოვნების შესაბამისი ცვლილებები, რათა ბარიერი არ შეექმნას ევროკავშირთან ინტეგრაციის შემდგომ საფეხურზე გადასვლას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები