მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ანზორ ჩუბინიძის თქმით, ირაკლი ღარიბაშვილს გერმანიაში ჩარტერული ფრენა მამამ დაუფინანსა

თავაწეული
BM. GE
12.09.23 12:23
51

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელი, ანზორ ჩუბინიძე აცხადებს, რომ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიუნხენში ჩარტერული რეისით ფრენის ხარჯი მისმა მამამ, ტარიელ ღარიბაშვილმა გადაიხადა. როგორც ჩუბინიძემ განმარტა, გადახდილია 34 ათასი ევროს ეკვივალენტი ლარში.

„მინდა, საზოგადოებას დავუდასტურო, რომ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საჯარო სამართლის იურიდიული პირის უზრუნველყოფის სააგენტოს ანგარიშზე გაკეთებულია შენატანი, რომელიც უზრუნველყოფს თბილისი-მიუნხენი-თბილისის რეისთან დაკავშირებულ ხარჯებს. შენატანი გაკეთებულია კერძო პიროვნების მიერ და ეს თანხა არის 34 ათასი ევროს ეკვივალენტი ლარში. თანხა წინსწრებით გადახდილია და შესაბამისად, სავარაუდოა, შესაძლებელია იგი მცირედით დაკორექტირდეს მას შემდეგ, რაც ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ წარმოგვიდგენს დეტალურ ხარჯთაღრიცხვას. წარმოდგენისთვის სჭირდება ხოლმე დაახლოებით რეისის შესრულებიდან თვე-ნახევარი. წარმოდგენისთანავე ჩვენ მოვახდენთ ანგარიშსწორებას. გადახდილი თანხა სრულად უზრუნველყოფს მიმდინარე ხარჯს და არის გარკვეული ფასნამატიც.

რაც შეეხება საბიუჯეტო გადასახადებს, საზოგადოებას მინდა, დავუდასტურო, რომ საწყის ეტაპზე, დავალების მიცემის მომენტში, ნათლად იყო მითითებული, რომ ანგარიშსწორება მოხდებოდა არასაბიუჯეტო სახსრებიდან. საზოგადოებას დღეს ვუდასტურებ, რომ ანგარიშსწორება განხორციელდა კერძო პიროვნების მიერ და ეს პიროვნება ტარიელ ღარიბაშვილია“, - განაცხადა ანზორ ჩუბინიძემ.

შეგახსენებთ, 9 სექტემბერს "ტვ პირველზე" ნოდარ მელაძის შაბათის ეთერში გავიდა სიუჟეტი, რომლის თანახმად პრემიერ-მინისტრი აგვისტოში გერმანიაში ჩარტერული რეისით გაფრინდა, ხოლო იქიდან აშშ-ში გაფრინდა. პრემიერის უკან დაბრუნებას თვითმფრინავი მიუნხენში ელოდა და უკან მთავრობის მეთაური კვლავ ჩარტერული რეისით დაბრუნდა. სიუჟეტში „ჯორჯიან ეარვეისის“ დამფუძნებელი, თამაზ გაიაშვილი ადასტურებს, რომ მთავრობის მეთაური გერმანიაში საქართველოს მთავრობის კუთვნილი თვითმფრინავით წავიდა.

საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსმა ანზორ ჩუბინიძემ განაცხადა, რომ  პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის აშშ-ში ვიზიტი კომერციული იყო და შესაბამისად, ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ გაწეულა. „ჩვენი თვითმფრინავი იმყოფება სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საჯარო სამართლის იურიდიული პირი სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს ბალანსზე. ამ სააგენტოს აქვს სრული უფლება, მიიღოს როგორც სამთავრობო და საბიუჯეტო სტრუქტურებიდან, ასევე არასამთავრობო, კომერციული და კერძო პირებისგან სხვადასხვა სახითა და ფორმით შემოსავლები. ეს ვიზიტი იყო კომერციული ხასიათის, რომელიც თავიდანვე დავალებაში იყო მოცემული და, რა თქმა უნდა, ანაზღაურება მოხდებოდა არასაბიუჯეტო ორგანიზაციიდან ან კერძო პირის მიერ", - უთხრა მან "imedinews"-ს.

გასულ კვირაში მთავრობის სტრატკომი ირწმუნებოდა, რომ მიზანმიმართულად ვრცელდებოდა ცრუ ინფორმაცია, რომ ირაკლი ღარიბაშვილი შვილთან ერთად აშშ-ში, თითქოსდა ჩარტერული რეისით გაემგზავრა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები