ოპოზიციური აფხაზური ტელეგრამ არხები RESPUBLIKA და "აფხაზური პორტალი" წერენ, რომ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ რუსეთის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ალექსანდ ნოვაკთან „აპარტამენტების კანონის" მოწინააღმდეგე ე.წ. დეპუტატებისთვის რუსეთის მოქალაქეობის ჩამორთმევის საკითხი განიხილა.
მედიის ცნობით, ბჟანიასა და ნოვაკის შეხვედრის ოქმის მიხედვით, რუსეთი 1-ელი სექტემბრიდან ოკუპირებული აფხაზეთისთვის ფინანსური დახმარების შეჩერებას აპირებს, სანამ "აფხაზური მხარე" შემდეგ ვალდებულებებს არ შეასრულებს:
- ეკონომიკურ საქმეებზე სასამართლო და საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების აღიარებისა და აღსრულების შესახებ შეთანხმების რატიფიცირება;
- რუსეთის იურიდიული პირების მიერ აფხაზეთის ტერიტორიაზე საინვესტიციო პროექტების შესრულების შესახებ შეთანხმების ძალაში შესვლის უზრუნველყოფა;
- რუსი ინვესტორებისთვის შეზღუდვების მოხსნა კომერციული უძრავი ქონების ბაზარზე (აპარტამენტები).
ამასთან, ოკუპანტი ქვეყანა აპირებს, სახელმწიფო სათათბიროსა და ფედერაციის საბჭოს მოუწოდოს, მინიმუმამდე დაიყვანონ "აფხაზეთის პარლამენტის დეპუტატებთან" კონტაქტი რუსეთის წინაშე ვალდებულებების შესრულებისადმი არაკონსტრუქციული პოზიციის გამო.