ფიტნეს-კომპანია Whoop-მა, რომელშიც ინვესტიცია 40 წლის კრიშტიანუ რონალდუსაც აქვს ჩადებული, ჩაატარა კვლევა იმის დასადგენად, თუ რა ბიოლოგიური ასაკი აქვს ფეხბურთელს.
გარკვეული სამედიცინო კვლევებისა და კომპანიის ფიტნეს სამაჯურის ტარების შემდეგ, Whoop-მა რონალდუს აცნობა, რომ მისი ბიოლოგიური ასაკი 28.9 წელს შეადგენდა, რაც ნიშნავს, რომ ფიზიოლოგიურად ის 11 წლით უმცროსია თავის რეალურ ასაკზე.
შედეგი თავად რონალდუსთვისაც დაუჯერებელი იყო და ნახევრად ხუმრობით განაცხადა, რომ ფეხბურთს კიდევ ათი წელი ითამაშებდა. ეს იმ დროს, როცა მომატებული საფეხბურთო მატჩების გამო 30 წელს გადაცილებული ფეხბურთელების უმრავლესობა ხშირად ტრავმიანობს და კარიერას 34-38 წლის ასაკამდე ასრულებენ.
კრიშტიანუმ ასეთი ფორმის შენარჩუნება მკაცრი კვებითი რეჟიმითა და ინტენსიური სავარჯიშო სესიებით მოახერხა, რაც მოიცავს დღეში ოთხსაათიან ვარჯიშს ბურთთან ერთად და რამდენიმე ვიზიტს სავარჯიშო დარბაზში, რათა შეინარჩუნოს გამძლეობა და სიძლიერე. მის განკარგულებაში არიან საუკეთესო დიეტოლოგები, რათა უზრუნველყონ მისი ოპტიმალური კვება, რომელიც მოიცავს მაღალ ცილოვან დიეტას, მარცვლოვანი ნახშირწყლით, ხილით და ბოსტნეულით. ცნობილია ისიც, რომ აღდგენისთვის პორტუგალიელი ყინულის აბაზანას და კრიოთერაპიასაც იყენებს.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ადვილი გასაგებია, რატომ ინარჩუნებს რონალდუ შესაშურ ფიზიკურ ფორმას და რატომ არ უჩანს მის გრანდიოზულ კარიერას დასასრული.




























