გავრცელებული ინფორმაციით, Apple ახალ MacBook-ზე მუშაობს, რომელშიც iPhone 16-სთვის განკუთვნილი ჩიპი იქნება ინტეგრირებული. როგორც მიწოდების ჯაჭვის ანალიტიკოსი, მინგ-ჩი კუო X-ზე წერს, კომპანია A18 Pro ჩიპის გამოყენებით, ახალი, 13-ინჩიანი ლეპტოპის გამოშვებას აპირებს.
როგორც ანალიტიკოსი აღნიშნავს, ახალი ლეპტოპი 2025 წლის ბოლოს ან 2026 წლის დასაწყისში გამოვა და Apple-ის პირველი MacBook იქნება, რომელიც A-სერიის ჩიპზე იმუშავებს. ამასთან, ლეპტოპი, სავარაუდოდ, რამდენიმე ფერში იქნება ხელმისაწვდომი, მათ შორის ვერცხლისფერ, ლურჯ, ვარდისფერ და ყვითელ ფერებში.
მაგ-ჩი კუო ვარაუდობს, რომ 2026 წელს ამ პროდუქტის 5-7 მილიონი ერთეული გაიყიდება. მისი ინფორმაციით, ლეპტოპის ღირებულება უცნობია, თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ Apple-ის საბაზისო მოდელის, Macbook Air-ის ღირებულება ამჟამად $999-ს არ აღემატება, მოსალოდნელია, რომ ახალი ლეპტოპი მასთან შედარებით კიდევ უფრო ხელმისაწვდომი იქნება.
იაფი პროდუქტი საშუალო და დაბალი სიმძლავრის ლეპტოპების ბაზარზე Apple-ის კონკურენტუნარიანობას გაზრდის, განსაკუთრებით უფრო ხელმისაწვდომ Chromebooks-თან და სხვა იმ მოწყობილობებთან მიმართებით, რომლებიც საოფისე დანიშნულებით შეიძლება გამოიყენებოდეს.




























