მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Apple ახალ iPhone-ს, საათსა და AirPod-ს, სავარაუდოდ, 10 სექტემბერს წარადგენს

apple

Apple-ის ყველაზე მნიშვნელოვანი ყოველწლიური ღონისძიება, რომელზეც ტექნოლოგიური გიგანტი ახალ პროდუქტებს წარადგენს, სავარაუდოდ, 10 სექტემბერს გაიმართება - ამის შესახებ Bloomberg-ი Apple-თან დაკავშირებულ წყაროზე დაყრდნობით წერს.

ანონიმური წყაროს ცნობით, თარიღი დაზუსტებული არ არის, თუმცა კომპანია, სავარაუდოდ, სწორედ 10 სექტემბრისთვის ემზადება. პრეზენტაციაზე Apple-ი ახალი თაობის მობილურებს წარადგენს, რომლებიც გაყიდვაში, სავარაუდოდ, 20 სექტემბრიდან ჩაეშვება, რადგან კომპანია წლებია, სწორედ ასეთ კანონზომიერებას მიყვება.

აღნიშნული პრეზენტაცია ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება Apple-ის ისტორიაში, იმის გათვალისწინებით, რომ ბოლო რამდენიმე კვარტალია, კომპანიის გაყიდვები მცირდება. ახალი iPhone 16-ის გამოშვებით, სადღესასწაულო/საშობაო სეზონის მოახლოებასთან ერთად, კომპანია ვარაუდობს, რომ გაყიდვები წლიურად 5%-ით გაიზრდება.

გავრცელებული ინფორმაციით, ახალ iPhone 16-ს უფრო დიდი ეკრანი ექნება, Pro მოდელებზე კი კამერის ახალი ფუნქციონალი ემატება. ამასთან, ახალი თაობის მობილურებში Apple ხელოვნური ინტელექტის ხელსაწყოების, Apple Intelligence-ის ინტეგრირებას იწყებს.

მართალია, სხვა მხრივ iPhone-ებს დრამატული ცვლილებები არ ელით, თუმცა მნიშვნელოვნად ვითარდება Apple-ის აქსესუარები - მე-10 თაობის Apple Watch-ებს უფრო თხელი დიზაინი და დიდი ზომის ეკრანი ექნებათ, საშუალო სეგმენტის AirPods-ებზე კი Apple პირველად ამატებს ხმის ჩახშობის ფუნქციას.

10 სექტემბრის პრეზენტაციიდან რამდენიმე კვირაში ცნობილი გახდება Apple-ის ახალ M4 პროცესორებზეც, რომლებსაც კომპანია ახალი თაობის Mac-ში ჩაამონტაჟებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები