მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Apple Card-თან პარტნიორობისთვის VISA $100 მილიონს გადაიხდის - WSJ

VISA
სტატიაში საუბარია:

მსოფლიოს უდიდესმა კომპანიამ, ამერიკულმა Apple-მა, რომელიც, რა ხანია, რაც მხოლოდ ტექნოლოგიური კომპანია აღარ არის, პირველი საბანკო ბარათი ჯერ კიდევ 2019 წელს გამოუშვა.

Apple Card-ის სახელით ცნობილი ბარათი Apple-ის ციფრულ საფულეში არის ინტეგრირებული და მომხმარებელი, რომელიც ამ სერვისით სარგებლობს, გარკვეულ შეღავათებს იღებს. თავად ბარათი, ისევე, როგორც მისი მომსახურება, უფასოა და მფლობელი კარგ პირობებს იღებს, როგორც დეპოზიტებზე, ასევე გადახდებზე.

Apple Card-ის გამოშვების დღიდან, Apple-ის მთავარი პარტნიორი გადახდების ამერიკული გიგანტი Mastercard-ი იყო, მაგრამ ახლა, როგორც ჩანს, ამ ადგილის დაკავება მის პირდაპირ კონკურენტს, აგრეთვე ამერიკულ VISA-ს სურს, რისთვისაც, როგორც მედიაში იწერება, კომპანია მზადაა $100 მილიონი გადაიხადოს. როგორც ჩანს, პარტნიორის შეცვლის საკითხი მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც Apple Card-ის პროექტიდან გასვლის შესახებ ტექნოლოგიური კომპანიის საბანკო პარტნიორმა, Goldman Sachs-მა განაცხადა.

ამგვარად, Apple-ის პროდუქტს განვითარებისთვის ახალი პარტნიორები სჭირდება. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, Apple-ის გუნდი საბანკო პარტნიორად Barclays-ს, Synchrony Financial-ს და Chase-ს განიხილავს და ამ კომპანიებს უკვე ელაპარაკება, მაგრამ მანამ, სანამ ეს საკითხი გადაწყდება, ტიმ კუკის კომპანიას გადახდების სერვისის მიმწოდებლის პოვნა სურს. ამ მხრივ, რეალურად, სულ სამი კომპანიაა და Apple-ის ეს ფინანსური პროდუქტი სამივეს აინტერესებს, რასაც American Express-ის ინტერესიც ადასტურებს.

Apple-ის ბარათის მიმართ ასეთი ინტერესი გასაგებია, რადგან Apple-ის ფინანსურ ქსელზე დაერთებით, კომპანია, რომელიც Apple Card-ის ემიტენტი გახდება, ძალიან დიდ და დახურულ ბაზარზე მიიღებს წვდომას, რაც დადებითად აისახება, როგორც კომპანიის შემოსავალზე, ასევე ეფექტიანობაზე და მოგებაზე. აღნიშნული განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გრძელვადიან პერიოდში, რადგან დროსთან ერთად, Apple-ი სულ უფრო და უფრო მეტ ფინტექ-გადაწყვეტას დანერგავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები