25 იანვარს კომპანია Apple-მ ევროკავშირის მასშტაბით მოქმედ გაჯეტებში აპლიკაციების ჩამოტვირთვის წესები შეცვალა. ამიერიდან iPhone-ებისა და iPad-ების მომხმარებლებს სასურველი აპლიკაციის გადმოწერა არა მხოლოდ App Store-დან, ასევე ალტერნატიული პლატფორმიდანაც შეეძლებათ.
ალტერნატიული პლატფორმა სწორედ ისევე იფუნქციონირებს, როგორც ტიპური აპლიკაცია, რომელსაც აქვს საშუალება, მოწყობილობებში სხვა IOS აპლიკაციებიც ჩამოტვირთოს. გარდა ამისა, ალტერნატიული მარკეტპლეისის შექმნა ნებისმიერ დეველოპერს შეუძლია და მთავარია, ის Apple-ის კრიტერიუმებს აკმაყოფილებდეს.
ამიერიდან, ევროკავშირში მოქმედ დეველოპერებს, აპლიკაციის შექმნის შემდეგ, ექნებათ საშუალება, მისი რეალიზების წყაროდ App Store ან მისი ალტერნატივა აირჩიონ. ალტერნატიული პლატფორმის არჩევის შემთხვევაში Apple გადმოწერილი აპლიკაციებიდან და გადახდის სისტემებიდან საკომისიოს არ აიღებს. თუმცა ნებისმიერ დეველოპერს მცირე გადასახადის გადახდა მაინც მოუწევს. ალტერნატიული პლატფორმიდან თითოეული ანგარიშით თითო ინსტალაციაზე, დეველოპერი Apple-ს 50 ცენტს გადაუხდის. თუმცა პირველი 1 მილიონი გადმოწერა დეველოპერებისთვის უფასო იქნება. ამ თანხას კომპანია აპლიკაციების შემქმნელებისგან წელიწადში ერთხელ მიიღებს.
მიზეზი, რის გამოც Apple-ი აპლიკაციების ეკოსისტემას ცვლის ევროკავშირის “ციფრული ბაზრის აქტია”, რომელიც ბლოკის მასშტაბით მოქმედმა თითოეულმა ტექნოლოგიურმა კომპანიამ 2024 წლის 6 მარტამდე უნდა აითვისოს. IOS სისტემის შესაბამისი განახლების ბეტა ვერსია უკვე ხელმისაწვდომია, ფართო მასებისთვის კი iOS 17.4 მარტიდან ამოქმედდება.