მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Apple-ი 7 ახალ პროდუქტზე მუშაობს

Vision Pro
BM. GE
02.07.25 00:05
191

Apple-ის ცნობილმა ინსაიდერმა და ანალიტიკოსმა, მინ-ჩი კუომ კომპანიის სამომავლო გეგმების შესახებ ახალი ინფორმაცია გაავრცელა. როგორც ის იუწყება, Apple მუშაობს თავზე მორგებად შვიდ ახალ მოწყობილობაზე. ერთ-ერთი მათგანი იქნება განახლებული Vision Pro, კომპანიის მომავლის პროდუქტი, რომელიც XR ინდუსტრიაში ახალ სიტყვას იტყვის. იქამდე კი Apple-ი არსებული მოდელის ახალი, M5 ჩიპით აღჭურვას აპირებს. სავარაუდოდ, პროდუქტი წარმოებაში 2025 წლის მე-3 კვარტალში ჩაეშვება და კომპანია 200,000-მდე ერთეულს შექმნის.

რაც შეეხება მეორე თაობის, ნამდვილად ახალ Vision Pro-ს, ის 2028 წლისთვის გამოვა და მას განახლებული დიზაინი ექნება. მოწყობილობა აღიჭურვება უახლესი M-სერიის პროცესორით. ანალიტიკოსი ამხელს იმასაც, რომ 2027 წლისთვის Apple გამოუშვებს Vision Pro-ს მეტად ბიუჯეტურ ვერსიას, სახელად Vision Air. ის 40%-ით მსუბუქი იქნება არსებულ მოდელზე.

მინ-ჩი კუო ასევე ავრცელებს ინფორმაციას Apple-ის პირველი თაობის სათვალეზეც, რომელიც, მისი ინფორმაციით, 2027 წელს გამოვა. როგორც ანალიტიკოსი წერს, კომპანია ამ პროდუქტის 3-5-მილიონამდე ეგზემპლარს დაამზადებს. მოწყობილობაში ჩაშენებული იქნება ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული სენსორული სისტემა და მისი მართვა როგორც ხმით, ისე ხელის მოძრაობით იქნება შესაძლებელი. სათვალეს ექნება გადაღების ფუნქციაც.

გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ანალიტიკოსი გაფართოებული რეალობის კიდევ ორ სათვალეზე საუბრობს. Vision Pro-ს მსგავსად, ეკრანი მათშიც ჩაშენებული იქნება და ამ მოწყობილობის წარმოება 2028 წელს დაიწყება. სხვა დეტალებს მინ-ჩი კუო არ ამხელს.

როგორც Apple-ის ინსაიდერი წერს, კომპანიის მიერ ჭკვიანი სათვალეების კონკურენტულ ბაზარზე პროდუქტების დაგვიანებით შემოტანა არ უნდა იქნეს აღქმული Apple-ის ჩავარდნად, რადგან ის ღრმა ტექნოლოგია და დიზაინის უპირატესობა, რაც ტექ-გიგანტს ასე ახასიათებს, დროთა განმავლობაში თავის გავლენას იქონიებს. მისი შეფასებით, 2027 წლისთვის Apple-ს 10 მილიონზე მეტი, სხვადასხვა სახის ჭკვიანი სათვალე ექნება. მინ-ჩი კუოს თქმით, კომპანიის სამოქმედო გეგმა გრძელვადიან წარმატებაზეა ორიენტირებული და ბაზარისთვის ხარისხიანი პროდუქტის შეთავაზებას გულისხმობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები